დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: გლდანის რაიონის გამგეობა

ბიუჯეტის თანხების ფლანგვას განაგრძობს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ გლდანის რაიონის გამგეობა 349 997 ლარის დახარჯვას, სპორტული მოედნების რეკონსტრუქციისა და სკვერების მოსაწყობად აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ  სასურველია ყველა რაიონს ჰქონდეს შესაბამისი სპორტული მოედნები თუ სკვერები; ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მოცემულობა, კერძოდ, როდესაც სახელმწიფო იმყოფება ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და არც ამ კრიზისიდან გამოსავალი ჩანს, მსგავს ხარჯები არამიზნობრივი შინაარსის ხდება. აღსანიშნავია, რომ კრიზისი გამოწვეულია პირველ რიგში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ნაწილობრივ კორონა ვირუსის მიერ. ამასთან,  მედიკოსები გვეუბნებიან, რომ ველოდებით ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს თუ რა მოელის ქვეყანას. სწორედ ამ პერიოდში გლდანის რაიონის გამგეობა თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქცევა უპასუხისმგებლოდ და  თანხებს არასწორი მიმართულებით „ფლანგავს“, რაც პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფო ინტერესებისადმი გულგრილ და არა კვალიფიციურ დამოკიდებულებაზე. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გამგეობა ორიენტირებულია ბიუჯეტის თანხების ათვისებაზე და არა რეალური პრობლემების მოგვარებაზე, ვინაიდან ჯერ კიდევ თებერვალში გამგეობამ უკვე დახარჯა 612 999 ლარი, გლდანის ხევში სკვერის რეაბილიტაციასა და სანათების მოწყობაში. ანუ ფაქტიურად მიმდინარე წელს მილიონი მხოლოდ სკვერებში დაიხარჯა. როგორც ჩანს დაავიწყდათ რომ სახელმწიფო „ქამრების შემოჭერისკენ” მოგვიწოდებს.

„თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აღნიშნული ტენდერი, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს დღეს იმის საშუალებას, რომ მსგავსი მიმართულებით, „ფუფუნებაში“ ვხარჯოთ თანხები, ხოლო ბიუჯეტის აღნიშნული სახსრები, უმჯობესია დაიხარჯოს იმ პრობლემების მოსაგვარებლად რაც დღეს რეალურად დგას სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის რაიონს, არამედ ეს ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკად უნდა იქცეს. თუ ჩვენ მსგავსი ოდენობის თანხების აკუმულირებას მოვახდენთ ისეთი მიმართულებით როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, განათლება, მედიცინა და ა.შ. ეს ბევრად უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე იმ სკვერის მოწყობა სადაც არც კი ვიცით მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საერთოდ გვექნება თუ არა შეკრების უფლება.