დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ზვიად გამსახურდიას

საქმე კვლავაც გამოუძიებელია

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ულოცავს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 29-ე წლის თავს.

წელს, გლობალური პანდემიიდან და საკარანტინე ზომებიდან გამომდინარე „თავისუფალი საქართველო“ არ მართავს საიუბილეო ღონისძიებებს, თუმცა შევახსენებთ საზოგადოებას:

1. მიუხედავად, როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გაცემული არაერთი დაპირებისა, პირველი პრეზიდენტის საქმე კვლავაც გამოუძიებელია. ბოლოს ასეთი დაპირება გაიცა ყოფილი უდიპლომო გენერალური პროკურორის, თადუმაძის მიერ, რომელმაც „პირად კონტროლზე“ აიყვანა გამოძიება, თუმცა საქმე არც ამის შემდეგ დაძრულა თაროდან.

2. კვლავინდებურად არ არის მიღებული კანონი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ და ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ 90-ანი წლების დასაწყისში მხედრიონისა და სხვა კრიმინალური ფორმირებების მიერ ჩადენილი დანაშაულების შედეგად, არ აქვთ მინიჭებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი.

3. სახელმწიფო კვლავინდებურად ყველანაირად ცდილობს მიჩქმალოს პირველი პრეზიდენტის ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. სასკოლო სახემლძღვანელოებში და და სხვა ოფიციალურ გამოცემებში, მას მოიხსენიებენ დიქტატორად. სახელმწიფომ 2014 წელს ოფიციალურად უარი განაცხადა თბილისის აეროპორტისათვის მისი სახელის მინიჭებაზე, ხოლო მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლისა, დღემდე ვერ იქნა მიღწეული, რომ ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე (რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ეწოდება ასე), ამ სახელით თუნდაც ერთი აბრა იქნას დამონტაჟებული. ამაზე მთავარი პასუხსგებლობა ეკისრება იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომლის უწყებაც დამისამართების დოკუმენტებში ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მოიხსენიებს, როგორც „სანაპიროს ქუჩას“.

ყოველივე ზემოთქმულიდან მიგვაჩნია, რომ როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ნაკლები რიხით უნდა საუბრობდნენ ამ დღეს ზვიად გამსახურდიაზე, როგორც ეროვნულ გმირზე და სახელოვან მოღვაწეზე, ვინაიდან არცერთ მთავრობას თითი თითზე არ დაუდია აღნიშნული საკითხების გადაწყვეტისათვის.

პარტია „თავისუფალი საქართველო“, როგორც ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკური ხაზის გამგრძელებელი, ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც.