დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: წულუკიანმა

საპოლიციო გამოსახლებები განაახლა

მიუხედავად ე.წ. „სესხების განულების“ შესახებ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებისა, 2020 წლის დადგომისთანავე, იუსტიციის სამინისტრომ მევახშეების მიერ დაზარალებული ოჯახების საპოლიციო გამოსახლებები განაახლა.

გასულ კვირაში „თავისუფალი საქართველოს“ და საზოგადოების ძალისხმევით მოხდა სუხიშვილების 8 სულიანი ოჯახის გამოსახლების შეჩერება, თუმცა ამის პარალელურად წულუკიანის უწყებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ახალი გამოსახლებების დანიშვნა.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება დანიშნულია 3 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისში (მისამართი: კეკელიძის 1), სადაც მევახშე გეგმავს ხატიაშვილების ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის მისაკუთრებას. ეს საქმე განსაკუთრებით გამორჩეულია იმ გარემოების გამო, რომ ხატიაშვილების მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე პირადად თეა წულუკიანს არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ და  ის  ამ საქმეს იყენებდა წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებიბის საილუსტრაციოდ.

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, შეაჩეროს დანიშნული გამოსახლებები და შეასრულოს მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რათა გამოირიცხოს ადამიანების საცხოვრებლებიდან გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დატოვება.

მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს, შემოუერთდნენ ხატიაშვილების ოჯახის გულშემატკივრების საპროტესტო აქციას, რათა მოვახერხოთ გამოსახლების შეჩერება. აქცია გაიმართება აღსრულების პარალელურად, 3 თებერვალს, 10:30 საათზე, მისამართზე: თბილისი, კეკელიძის 1.