დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები წეროვანში

მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პოლიტიკურ მომავალს არა პოლიტიკოსები, არამედ ხალხი განსაზღვრავს, ამიტომაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისაღები შედეგისთვის, თქვენი გადამწყვეტი ხმა იქნება საჭირო,- ასე მიმართა თავისუფალი საქართველო ლიდერმა კახა კუკავამ წეროვანში მცხოვრებ მხარდამჭერებს.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არსებულ ურთულეს პოლიტიკურ ვითარებას, თან ერთვის კატასტროფული ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად აღარიბებს.

იმის მაგივრად, რომ არსებული ვითარებიდან, ხელისუფლებამ გამოსავალი იპოვოს, მისი მოქმედება კიდევ უფრო უსუსურია. ეროვნული ვალუტის მაჩვენებელი, უკვე სამ ლარს გადასცდა, უახლოეს მომავალში კი, ყველა ძირითად პროდუქტზე ფასების კატასტროფული მატებაა მოსალოდნელი.

ადამიანებთან ყოველდიური ურთიერთობა მიწევს და ხშირად მეკითხებიან, როდის დამთავრდება მათი გაჭირვება და რაშია გამოსავალი? ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალი ლიბერალური პოლიტიკის დასრულებაშია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებები რამდენიმე ათეული წელია რაც ახორციელებენ. ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ, ქვეყნის მართვის სადავეები მოქალაქეთა კავშირმა აიღო და დღემდე მათი სახეცვლილი სატელიტები მართავენ ქვეყანას. მოქალაქეთა კავშირის შემდეგ, ქვეყნის მართვა მათივე წიაღში აღმოცენებულმა ნაციონალებმა გადაიბარეს, ახლა კი, ნაციონალებისგან პორტირებულ ხელისუფლებას ქართული ოცნება ჰქვია,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, ხალხმა თავად უნდა აირჩიოს ის მომავალი, რომელიც მას არა დევნილობასა და ემიგრაციაში ყოფნას აიძულებს, არამედ საკუთარ სამშობლოში ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს.

ქართული ოცნება, რომელიც თქვენ 100 ქარხნის აგუგუნებას გპირდებოდათ, ახლა იმას გპირდებათ, რომ ხელს შეგიწყობთ და უცხოეთში ძიძებად დაგასაქმებთ, თუმცა ამ ბოლო დროს ეს დაპირებებიც აღარ ისმის. თქვენ, ასევე გახსოვთ ივანიშვილის სახე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, როდესაც პირობა დადო,რომ ერთ წელში ყველაფერს გამოასწორებდა, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს დასჯიდა, ქვეყნის ეკონომიკას ააღორძინებდა და ღირსეულ საქართველოში ვიცხოვრებდით. გადახედეთ სხვა დაპირებების ვრცელ ნუსხასაც. თუ რომელიმე დაპირება შესრულდა, მაშინ მხარი დაუჭირეთ ხელისუფლებას, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებული ხართ და წლიდან-წლამდე უფრო მეტად გიჭირთ, მაშინ სწორი არჩევანი გააკეთეთ და ხმა მიეცით იმ პატრიოტულ ძალას, რომელსაც ქვეყნის გადარჩენის რეალური სტრატეგია გააჩნია და რომელიც ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა,- აღნიშნა კახა კუკავამ.