დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: დავით-გარეჯის კომპლექსის შესახებ

მოლაპარაკებების დეტალები უნდა გასაჯაროვდეს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების კონსულტაციებს, რომელზეც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი. მინისტრმა ზალკალიანმა გააკეთა გაურკვეველი შინაარსის განცხადებები, რომ საქმეში აღმოჩნდა ახალი დოკუმენტები, რომელიც ახალ გარემოებას წარმოადგენს საზღვრის დელიმიტაციის სამუშაო ჯგუფისათვის.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ შეშფოთებას გამოხატავს ამ ბუნდოვანი განცხადების გამო.

მიგვაჩნია, რომ არანაირი კარტოგრაფიული დეტალები ამ საკითხში არ არსებობს. ყველას საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი სადავო ტერიტორია, რომელიც რამოდენიმე ასეულ კვ/მ-ს წარმოადგენს და რომელსაც არანაირი სამხედრო ეკონომიკური ან კულტურული ღირებულება აზერბაიჯანული მხარისათვის არ გააჩნია. შესაბამისად, საკითხი უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად, რამდენად გამოიჩენს აზერბაიჯანული მხარე კეთილ ნებას და რამდენად გამოიჩენს ქართული მხარე პრინციპულობას.

რიტორიკა, რომელიც პერიოდულად გვესმის როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების პირობებში, რომ აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია და ამიტომაც არ ღირს დავით-გარეჯზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება, სხვა არაფერია თუ არა კაპიტულაცია, რაც ისევ და ისევ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს დააზიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

მოვითხოვთ:

  1. საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთოს მკაფიო განმარტება, რა ახალ დოკუმენტებზეა საუბარი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით;

 

  1. მინისტრი, ზალკალიანი გამოცხადდეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, რამეთუ საკომიტეტო მოსმენა ღიაა როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე ამომრჩევლის ხედვის არეალი სხვა საკითხებისკენაა გადატანილი, დავით-გარეჯი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ამიტომაც მოვუწოდებთ, ქვეყანაში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეუერთდნენ ამ მოთხოვნას, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეწყვიტოს ქართველი ხალხის ზურგს უკან ნებისმიერი პროცესის წარმოება.