დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ მთავრობის საგანგებო

ზომებს მხარდაჭერას უცხადებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მხარდაჭერას უცხადებს, მთავრობის მიერ გადადგმულ საგანგებო ზომებს კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში გამოცხადებულ საკარანტინო ზომებს.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში, პოლიტიკური პოლემიკის არანაირი აუცილობლობა არა არსებობს და თვითმიზნად არ უნდა იქცეს ტელეეკრანებზე გამოჩენა და განსხვავებული აზრის გამოხატვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველა, მათ შორის მთავრობაც,  მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში მუშაობს და ამ წნეხის კიდევ უფრო დამძიმება საჭირო არაა.

ჩვენც, ისე როგორც ბევრი, ვაცნობიერებთ, რომ კორონავირუსს ექნება უზარმაზარი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის და აუცილებელია, სახელმწიფომ შეიმუშავოს ამ შედეგებთან გამკლავების ანტიკრიზისული პაკეტი, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, პანდემიასთან გამკლავებაა და როდესაც ამ ბრძოლაში (იმედია) გავიმარჯვებთ, უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ეკონომიკა გახდება.

აქვე ყველას მოვუწოდებთ, გავაცნობიეროთ, რომ რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსის გავრცელების უფრო პოზიტიური სტატისტიკა გვაქვს, ეს დამშვიდების არანაირ საფუძველს არ იძლევა. ბევრი ქვეყნის გამოცდილება უკვე გვაჩვენებს, რომ სიფხიზლის მცირედით მოდუნებაც კი საკმარისია პანდემიისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების უსწრაფესი ზრდისათვის.

სწორედ ამიტომაც მიგვაჩნია, რომ სიფრთხილისა და პრევენციის არც ერთი საგანგებო ზომა გადამეტებული არ არის. ეპიდემიის პიკი საქართველოს ჯერ არ გაუვლია, ამიტომაც მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისაკენ საკუთარი და სხვების სიცოცხლის დაცვისკენ. დარჩით სახლში!