დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ იაფი

მედიკამენტების დარიგებას განაგრძობს

პარტია „თავისუფალი საქართველო“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევის მიუხედავად, იაფი მედიკამენტების კამპანიას განაგრძობს. დღეს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავამ თბილისში (არჩილ ქურდიანის 10, ბინა 8, მე-4 სართ), მოქალაქე ალექსანდრე წვერავას იაფი მედიკამენტები გადასცა, კერძოდ: კაპტოპრილ-დენკი, რომელიც საქართველოს მონოპოლიურ ბაზარზე 20.89 ლარი ღირს, ხოლო მოქალაქეს 5.15 ლარად, ანუ მეზობელ ქვეყნებში არსებული ფასის შესაბამისად გადაეცა. აგრეთვე, კარდიომაგნილი 150მგ, რომელიც ალექსანდრე წვერავამ პარტიის ელექტრონულ აფთიაქში  2.36 ლარად შეიძინა, საქართველოში კი მისი ფასი 9.18 ლარია.

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ 21 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსაგან მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვა მიიღო, რისთვისაც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ პარალელურად, პარტიის წინააღმდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რაც საქართველოს ტერიტორიაზე მედიკამენტების საჭირო მასშტაბით გავრცელებას კვლავ აფერხებს:

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაპირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა შეფერხებებს შეგვიქმნის მაფია და მის მიერ კონტროლირებადი ცალკეული ინსტიტუტები“- აცხადებს კუკავა.

„თავისუფალი საქართველო“ აგრძელებს ყველა იმ იურიდიული მოქმედებების განხორციელებას, რაც აუცილებელია მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის მასობრივი პროცესის დასაწყებად.

ამასთანავე, პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ საქმის წარმოება დროულად დაასრულოს, რაც იქნება იმის გარანტია, რომ დაინტერესებული პირები და პირველ რიგში, სოციალურად შეჭირვებული ჩვენი მოქალაქეები, საქართველოს მთელი მასშტაბით საჭირო, ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს მიიღებენ.