დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: ხელისუფლებამ საარჩევნო

საკითხზე მომლაპარაკებლები უნდა შეცვალოს

საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს,  „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ეხმაურება:

„საქართველოს საარჩევნო სისტემის საკითხი გახდა საერთაშორისო დღისწერიგის საგანი. ეს თემა აქტიურად განიხილება ევროპარლამენტში, შეერთებული შტატების კონგრესსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ერთის მხრივ, ამგვარი მოვლენა არ არის ნორმალური სუვერენული სახელმწიფოს შემთხვევაში, თუმცა ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა 14 ნოემბრის შემდეგ.

მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება, რომელიც დაკავშირებულია მუდმივ შიდა პოლიტიკურ დაძაბულობასთან, საპროტესტო აქციებთან, დარბევებთან და სანქციებთან - უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, მის ეკონომიკას და სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. ამდენად, ქართული პოლიტიკური სპექტრის, როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის ამოცანა, უნდა იყოს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რაც 2020 წლის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების ერთადერთი შანსია.

„თავისუფალი საქართველო“, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილი, მზად არის ხელისუფლებასთან რეალური დიალოგისთვის და განწყობილია კომპრომისულად. ასევე, ხელისუფლების მხრიდანაც იგრძნობა გარკვეული დათმობებისთვის მზაობა, თუმცა, შეთანხმებას ხელს უშლის ის ხისტი და დესტრუქციული ტონი, რომელიც ჩანს ხელისუფლების სახელით დიალოგის პროცესში მონაწილე პირების პოზიციებში. აშკარაა, რომ გია ვოლსკი, თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძე და მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი გუნდი - არ არიან დაინტერესებული კომპრომისით, ხოლო მათი გამონათქვამები და დამოკიდებულებები, პროცესის ჩაშლისკენაა მიმართული.

ამდენად, თუკი ხელისუფლებაში არსებობს ოპოზიციასთან შეთანხმების და პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის რეალური სურვილი, ამისათვის უპირველესად საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს მომლაპარაკებლები. მაშინ, როცა ოპოზიციის ძირითად ნაწილში არსებობს კომპრომისის რესურსი, აუცილებელია სახელისუფლებო გუნდს დიალოგის მაგიდასთან წარმოადგენდეს კონსტრუქციულად განწყობილი და შეთანხმებაზე ორიენტირებული დელეგაცია.

ვფიქრობთ, ივანიშვილის მხრიდან მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა გახდება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესძლებლობა, რაც დიდი ალბათობით დასრულდება კომპრომისული შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ სახეზე გვაქვს ჩიხი, საიდანაც პრაქტიკულად შეუძლებელია თავის დაღწევა, რაც ქვეყანას კიდევ ერთხელ ჩაითრევს უმართავ პროცესებში“.