დაგვაფინანსე

აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“

წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ, იაფი მედიკამენტების კამპანიასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. დღეს აუდიტის სამსახურში გამოიკითხა პარტიის თავმჯდომარტე კახა კუკავა. დაკითხვა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ პარტიისათვის მიწერილ წერილშია მითითებული, იაფი მედიკამენტების პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას წარმოადგენს. აღნიშნულ პოზიციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ არ ეთანხმება  და მიიჩნევს, რომ იაფი მედიკამენტების კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან პარტია დაინტერესებულ პირებს მედიკამენტებს  საბაზრო ღირებულებაში აწვდის და არა უსასყიდლოდ. ხოლო ფასები, რომელიც დადგენილია ქართულ ბაზარზე, წარმოადგენს არა საბაზრო, არამედ მონოპოლიურ ფასებს. იმავდროულად, აღნიშნული ოპერაციებიდან პარტია არანაირ შემოსავალს არ იღებს, რის გამოც აღნიშნული კამპანია ვერც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად ვერ ჩაითვლება. გადაწყვეტილებას პარტიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უახლოეს დღეებში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, სახელმწიფოს, ან მის რომელიმე ორგანოს, არანაირი წარმოება არ დაუწყია „ავერსის“, „პეესპეს“, „ფარმადეპოს“ და „ჯიპისის“ მიერ კარტელური შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ,  „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ანტიმონოპოლიუირი კამპანიის დაწყებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.

აუდიტის სამსახურის ქმედებებთან დაკავშირებით, „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს, ხოლო საზოგადოებას ჰპირდება, რომ მონოპოლიებისა და მათი მფარველი ხელისუფლების მხრიდან  ნებისმიერი შეფერხების მიუხედავად, იაფი მედიკამენტების კამპანია გაგრძელდება.