დაფინანსება

კახა კუკავამ ზუგდიდში

მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა

21 ივნისს, ზუგდიდში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

შეკრებილებს პარტიის ლიდერმა მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გეგმები და დასახული ამოცანები გააცნო. როგორც კუკავამ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ აუწყა, პარტიის მთავარი ამოცანა არჩევნებზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის სისტემური ცვლილება იქნება.

„თავისუფალი საქართველო“ ერთგულად ინარჩუნებს, როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირების კურსს და პარტია გამორიცხავს რომელიმე ამ ძალასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას:

„ჩვენ ქვეყნისთვის თანაბარ საფრთხედ განვიხილავთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მობრუნებას ხელისუფლებაში, ისე „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის შენარჩუნებას. ჩვენი მიზანია, არჩევნებზე მოვახდინოთ იმ ამომრჩევლის მხარდაჭერის კონცენტრირება, რომელიც არც „ქოცებს“ და არც „ნაცებს“ არ ირჩევს და სურს რეალურად ახალი, ეროვნული პოლიტიკური ძალების ხილვა საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველო“ არ მონაწილეობს ლიბერალური ოპოზიციის ე.წ. „საერთო მაჟორიტარების ფორმატში“ და კანდიდატების წარდგენას 30-ვე ოლქში დამოუკიდებლად გეგმავს. პარტია მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას სხვადასხვა ოლქებში ივლისიდან დაიწყებს.