დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: პარლამენტი ანტიკონსტიტუციური

კანონის მიღებას გეგმავს

ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

კერძოდ კი კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას ეძლევა ლეგიტიმაცია შეუზღუდოს მოქალაქეებს ის ძირითადი უფლებები, რაც ადამიანებს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აქვთ გარანტირებული.

აშკარაა, რომ ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ტოტალური კონტროლი და შეინარჩუნოს ის უფლებამოსილებები, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში გააჩნდა. ამით კი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ შეიქმნის კოლოსალურ უპირატესობას, რითაც შეეცდება დაცემული რეიტინგის აღდგენას.

აქვე აღნიშნული კანონპროექტის მიმართ არსებობს სამართლებრივი შენიშვნებიც, კერძოდ კი ის არღვევს საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-7 მუხლით დადგენილ იერარქიულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ ნორმატიული აქტი უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას, ხოლო აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ლეგიტიმაცია მიეცეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვას.

თუ პარლამენტი აღნიშნულ კანონროექტს მხარს დაუჭერს თავისუფალი საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით მისი არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.