დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ მაჟორიტარი

კანდიდატების დასახელება დაიწყო

18-19 ივლისს, კახა კუკავა და „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ხაშურში მხარდამჭერებს შეხვდნენ და არჩევნებში სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა ხაშურის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გელაშვილი წარუდგინეს. „ჩვენ მოვუწოდებთ ხაშურსაც და მთელ საქართველოს, მოდი ვცადოთ, ფულიანი კი არა, წესიერი და განათლებული დეპუტატის არჩევა საქართველოს პარლამენტში“ - ასე მიმართა კახა კუკავამ მოსახლეობას და უახლოესი 1 თვის განმავლობაში, „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატების წარდგენა 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში დააანონსა.

პარტიის მიერ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში დასახელებული კანდიდატი არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი აქვს: „დროა ხალხმა გააკეთოს სწორი არჩევანი და სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინები მაქვს, ვგრძნობ ხალხის თანადგომას და ვეცდები, ვიყო ღირსეული დეპუტატი, გავაკეთო ჩემ რაიონში ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც იქნება და რაც მთავარია, ვიდგე ყოველთვის ხალხის გვერდით“ - განაცხადა მედიასთან ხათუნა გელაშვილმა.

პარტიის ლიდერების თქმით, 2020 წლის არჩევნებზე უმთავრესი ამოცანაა პარლამენტში რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობა ჰყავდეთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი არ არიან. „ჩვენი მიზანი არის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მივიღოთ ისეთი პარლამენტი, სადაც რომელიმე პარტია არ იქნება დომინანტი და უმრავლესობა, არამედ იქნება მრავალპარტიული“ - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გოგი წუალია.

შიდა ქართლის კამპანიის ფარგლებში კანდიდატთან ერთად შეხვედრები გაიმართა ხაშურში მომუშავე ექიმებთან, ასევე, პარტიის ლიდერები გაეცნენ სურამში მწვავე ეკოლოგიურ გარემოს. კახა კუკავა თანაპარტიელებთან ერთად გაეცნო სოფელების: ცხრამუხას და ჩუმათელეთის, მოსახლეობის პრობლემებს.