დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები

წყალტუბოში მხარდამჭერებს შეხვდნენ

17 ოქტომბერს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და თანათავმჯდომარე გოგი წულაია, წყალტუბოში მხარდამჭერებს შეხვდნენ.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალი საქართველო“ იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ-კონსერვატიული ალტერნატივა.

პარტია „თავისუფალი საქართველო“, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გეგმავს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა საარჩევნო ოლქში დააფუძნოს, ან განაახლოს ადგილობრივი ორგანიზაცია.

პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამაზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ძვირადღირებული პრეპარატები თურქეთის და სხვა მეზობელი ქვეყნების აფთიაქების ფასებში შეიძინონ. პარტიის ლიდერის განცხადებით, ამჟამად სრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს მომავალში პროგრამით სარგებლობას საქართველოს ყველა მოქალაქე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხებს.

„თავისუფალი საქართველოს“ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება.