დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ახალციხეში მაჟორიტარი

დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

დღეს თავისუფალმა საქართველომ კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ახალციხეში წარადგინა.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტში გოდერძი კუბლაშვილის სახით, ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება, ახლა მხოლოდ ის დარჩა, რომ ამომრჩევლებმა 31 ოქტომბერს, საარჩევნო ურნასთან სწორი არჩევანი გააკეთონ.

გოდერძი თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია, ის არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას. გარდა ამისა, იგი თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ ჩვენმა პარტიამ ახალციხელებს მისი კანდიდატურა წარგიდგინათ, ახლა კი ყველაფერი თქვენს სწორ არჩევანზეა დამოკიდებული,- ასე მიმართა პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფალი საქართველო ერთადერთი პარტიაა, რომელიც დღეს ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ იბრძვის.

საქართველო 30 წელია რაც ამ სისტემით იმართება. უკანა პლანზე გადადის ყველაფერი ის, რაც ეროვნულ ღირებულებებს წარმოადგენს, სამაგიეროდ კი, პრიორიტეტი უცხოურს ენიჭება. ასეა, დაწყებული ეკონომიკით და დამთავრებული პოლიტიკით.

არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვინმემ ეს განცხადებები ქსენოფობიაშ ჩამითვალოს, მაგრამ რატომ უნდა იყოს მაღაზიების დახლებზე გამოფენილი უცხო ქვეყნის პროდუქცია, თუნდაც წვენები, როდესაც ჩვენი მოსავალი პირდაპირი გაგებით გვილპება ხოლმე და შემდეგ ნაგავშიც კი იყრება. განა საკუთარი ხელით არ გავკაფეთ ჩაის პლანტაციები და თავის დროზე, საკუთარი ხელით, ჯართის ფასად არ დავანგრიეთ ფაბრიკა-ქარხნები? ეს ჩვენი წარსული და ახლანდელი მწარე რეალობაა, რომელსაც წერტილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა დაუსვას,- განაცხადა კახა კუკავამ.

დღესვე, ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას, სიტყვით თავისუფალი საქართველო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა.

გოდერძი კუბლაშვილის თქმით, საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს და ეს მომავალი აუცილებლად დადგება.

ჩვენ ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, გვეშველება რამე? ეს რიტორიკული შეკითხვა, ოცდაათ წელზე მეტია რაც ისმის. მინდა ვთქვა, რომ გამოსავალი, მხოლოდ ჩვენს სწორ არჩევანშია. ყველაზე დიდი ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს! ამიტომ, როდესაც საარჩევნო ურნასთან მივალთ, პატრიოტულ ძალებს უნდა მივცეთ ხმა და არა იმას, ვინ მეტად არის ცნობადი და ვის უფრო მეტი ფული აქვს. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ოლიგარქები საკუთარი ბიზნესინტერესებისა და კიდევ უფრო მეტი გავლენებისთვის იბრძვიან, ხოლო ხალხი - წინასაარჩევნოდ ახსენდებათ,- განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.