დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ყოფილი სახელისუფლებო

პარტიების შეთანხმებას არ შეუერთდება

დღეს, ოპოზიციურმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „გირჩი“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული ოპოზიციის მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილს მოიცავს.

მათივე განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეფორმის განხორციელებას“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „თავისუფალი საქართველო“ განმარტებას აკეთებს.

კახა კუკავას თქმით, დოკუმენტის იდეა და მისი შინაარსი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება, თუმცა არსებობს ერთი უმთავრესი გარემოება.

„არსებულ იდეას მივესალმები, რომელიც: მართლმსაჯულების, სასამართლოს, პროკურატურისა და პოლიციის რეფორმირებას ითვალისწინებს, თუმცა ამავე დოკუმენტზე ხელმომწერი ადამიანების უმრავლესობას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი თავად არიან დამნაშავეები ამ სისტემის დამახინჯებაში. აქედან გამომდინარე „თავისუფალი საქართველო“ აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით არ შეუერთდება. ეს იგივე იქნებოდა, რომ ჯაბა იოსელიანთან გაგვეფორმებინა მემორანდუმი კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ან ანალოგიური მემორანდუმი შევარდნაძესთან გაგვეფორმებინა, რომელიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

მიგვაჩნია, რომ ის პარტიები, რომლებმაც დღემდე ვერ მისცეს ობიექტური შეფასება გირგვლიანის მკვლელობას, 7 ნოემბისა და 26 მაისის სასტიკ დარბევას, ასევე პატიმრების წამებას საქართველოს ციხეებში, მათთან ერთად სერიოზული დიალოგი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე კომიკურია“,- განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, ხელმოწერის მსურველი პარტიებისთვის ეს ფორმატი ღიაა. ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ხელმომწერებს მომავალში დაემატოს.