დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ზუგდიდის მაჟორიტარ

კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს

„თავისუფალი საქართველო“-სთვის ზუგდიდი ერთ-ერთი სტრატეგიული ოლქია. ამ ქალაქში ჩვენ, პრაქტიკულად არცერთი არჩევნები არ გამოგვიტოვებია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება“, - ასე გამოეხმაურა კახა კუკავა, მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარე პროცესებს, რომელიც ზუგდიდში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას გულისხმობს.

მისი თქმით, პარტიული სტრუქტურები ეფექტურად ვითარდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით.

„სამეგრელოს რეგიონში ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩვენს რეგიონალურ ოფისს ზურაბ ჯინჯოლავა წარმატებით ხელმძღვანელობს. ამ წლების განმავლობაში არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, ამ ტენდენციას მომავალშიც ველოდებით. რაც შეეხება ზუგდიდს, „თავისუფალი საქართველო“ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატს ამომრჩევლების წინაშე მიმდინარე კვირაში წარადგენს. ჩვენი პარტია მინიმუმ სამმაგად გააუმჯობესებს იმ შედეგებს, რაც წინა არჩევნების დროს ზუგდიდში აჩვენა და რაც მთავარია, თავად ზუგდიდელებს მივცემთ იმის საშუალებას, რომ მათ ამ ქალაქის ადგილობრივი მკიდრი აირჩიონ, ვინაიდან ცნობილია, რომ ძირითადად, სხვა პარტიებისგან, მაჟორიტარებად აქ არაზუგდიდელები არიან დასახელებულნი“,- განაცხადა კახა კუკავამ.