დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ იაფი

მედიკამენტების დარიგებას განაგრძობს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბაზარზე მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას აგრძელებს. პროგრამა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტს და საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითღირებულებაში გადაცემას გულისხმობს. დაინტერესებული პირები წამლებს, ქართულ აფთიაქებთან შედარებით, 1/3 ფასში მიიღებენ.

15 ოქტომბერს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პროგრამის ფარგლებში პრეპარატი „პრესტანსი“ გოდერძიშვილების ოჯახს პირადად გადასცა. მოქალაქემ მედიკამენტი „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონულ აფთიაქში 12.58 ლარად შეიძინა (მონოპოლიები იმავე პრეპარატს 40.48 ლარად ყიდიან).

„თავისუფალი საქართველო“ ამჟამად იაფი მედიკამენტების პროგრამას საპილოტე რეჟიმში ახორციელებს, რაც ერთეული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების საცალო, სადემოსნტრაციო მიწოდებას გულისხმობს. ამასთან, 16 ოქტომბერს იწურება ვადა განცხადებაზე, რომლითაც პარტიას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის და რეალიზაციის ნებართვა აქვს მოთხოვნილი. შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მსურველს მოამარაგებს.