დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ კახეთის მაჟორიტარ

კანდიდატად მალხაზ ფილაური წარადგინა

„თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი ძალაა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნეოლიბერალიზს ებრძვის. ქვეყანა ჩიხშია შესული, ხოლო საზოგადოება კაბალურ მდომარეობაში”,- ეს განცხადება დღეს, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ კახეთში შეკრებილ მხარდამჭერებთან გააკეთა.

მისი აზრით, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც ქვეყანაში მევახშეობას აკრძალავს.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემდეგ, თანამედროვე საქართველოში გაჩნდნენ ახალი სახის დევნილები და ეს ადამიანები - მევახშეებისგან, საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილები არიან. ჩვენ ბანკების საქმიანობის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ის, რომ ბანკირებმა, მევახშეობით დააგროვონ მილიონები და შემდეგ პოლიტიკოსებად და ხალხზე მზრუნველებად მოგვევლინონ, ამას ყოველთვის გავაპროტესტებთ“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს ხალხი იაფფასიანი დაპირებებით მოატყუოს.

„თავისუფალი საქართველო“ ვერავის დაჰპირდება 500 ლარიან პენსიას, საქართველოს ეკონომიკის პირობებში, ეს სრული აბსურდია, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ ძალას უნარი შესწევს, რომ შარშან დაწყებული „იაფი მედიკამენტების პროგრამა“ მომავალშიც განაგრძოს და ხალხს ამ მიმართულებით რეალური დახმარება აღმოუჩინოს. მზად ვართ პანდემიის პირობებშიც კი, მომხმარებლებს, 300-400%-ანი შეღავათით მივაწოდოთ მედიკამენტები“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მალხაზ ფილაურის თქმით კი, კახეთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში: უმუშევრობის, უიმედობისა და ხვალინდელი დღის შიში უნდა დასრულდეს.

„რეგიონი ახალგაზრდებისგან იცლება, დღემდე მოუგვარებელია დასაქმების პრობლემა, დეფიციტია სასმელი და სარწყავი წყალი. წლიდან-წლამდე პრობლემა-პრობლემად რჩება, ხელისუფლებისგან, მხოლოდ დაპირებები ისმის და ისიც წინასაარჩევნოდ. ამიტომ, ახლა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“, -განაცხადა ფილაურმა და აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, საზოგადოება ქვეყნის განვითარებას დაუჭერს მხარს, ხოლო 1 ნოემბრიდან საქართველოში უკეთესი მომავლის ახალი ერა დაიწყება.