13 თებერვალს, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ და „პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, პაატა მაცაბერიძემ, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს:
„ორგანიზაციებმა უკანასნკელი 2 კვირის მანძილზე, ერთობლივად განახორციელეს მონიტორინგი იძულებითი აღსრულების 7 პროცესზე, საიდანაც 6 გამოსახლების შეჩერება მოხერხდა. ამასთან, წულუკიანის უწყება ინტენსიურად ნიშნავს საპოლიციო გამოსახლებებს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. „თავისუფალი საქართველო“ და „პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ მოვალეებს მოუწოდებენ, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია დანიშნული გამოსახლების შესახებ.
მომავალი კვირიდან „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ოფისებში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრები, სადაც მოვალეებს კონსულაციას გაუწევენ კვალიფიციური იურისტები (ცენტრების მისამართები: თბილისი - ონიაშვილის 80; ქუთაისი - რუსთაველის 11; ბათუმი - ასათიანის 38;
აგრეთვე, გადასახადებისგან თავის არიდების იურიდიული საფუძვლით, დაიწყება სისხლის სამართლის დევნა იმ მევახშეების წინააღმდეგ, რომლებიც ჩაატარებენ იძულებით გამოსახლებას. შესაბამისი განცხადება პარტიის იურისტებმა უკვე მოამზადეს მევახშე ორჩალიევას და მისი წარმომადგენლის - ჯუსტიშვილის მიმართ, რომლებმაც გასულ კვირაში წიკლაურების ხუთსულიანი ოჯახი გამოასახლეს.
იმ შემთხვევებში, სადაც კრედიტორები ითანამშრომლებენ მოვალესთან სესხის სამართლიანი პირობებით რესტრუქტურიზაციის საკითხზე, მხარეები ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რათა მოხდეს როგორც გამსესხებლის, ისე მსესხებლის მოთხოვნების პროპორციული და ჯეროვანი დაკმაყოფილება“ - განაცხადეს კახა კუკავამ და პაატა მაცაბერიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.