დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ დამოუკიდებელ ტელევიზიებზე

პოლიტიკურ შეტევას გმობს

ხელისუფლების მიერ მედიასაშუალებების ანგარიშებზე ყადაღის დადებას „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და „გაბედეს“ აქტივისტი შოთა მაქაცარია ეხმაურება:

 

„არავისთვისაა ახალი ამბავი, რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება თავისუფალ მედიას ებრძვის და მათი მიზანია ქვეყანაში მიკერძოებული ტელევიზიების არსებობა, რომლებიც არათუ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით, არამედ მმართველი პარტიის პროპაგანდით იქნებიან დაკავებული. მას შემდგომ, რაც „facebook“-მა „ქართული ოცნების“ „ტროლ-ბიუროები“ დაბლოკა, რომლებიც ოპოზიციის დისკრედიტაციას და „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ეწეოდნენ,  ხელისუფლებას პროპაგანდის უზარმაზარი მექანიზმი ჩამოეშალა. ამის შემდგომ, სიტუაციის მის სასარგებლოდ დასაბალანსებლად, ხელისუფლებამ უკიდურესი ზომები მიიღო, რაც სხვადასხვა მედიასაშუალების ანგარიშებზე ყადაღის დადებით გამოიხატება. ფაქტია, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, ვინაიდან ხელისუფლებას არანაირი ზომები არ გაუტარებია მისი „ტროლ-ტელევიზების“ მიმართ და იერიში მხოლოდ იმ ტელევიზებზე მიიტანა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ „რევერანსებით“ არ გამოირჩევიან.

 

თუ „ქართული ოცნება“ დროულად არ მოეგება გონს, აღნიშნული ქმედებებით, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა  - ის „მართლაც გააოცებს ევროპას“, რაც დააზიანებს როგორც საზოგადოების ყოფას, ასევე, სახელმწიფოს ავტორიტეტს მსოფლიო ასპარეზზე“.