დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: აჭარის საზოგადოებრივ

მაუწყებელზე ჟურნალისტები იდევნებიან

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ანთაძე ეხმაურება:

11 მაისს დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა იმისა, თუ როგორ ცდილობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისაკუთრებას ხელისუფლება.

კერძოდ კი აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი. გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.

რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლების მცდელობაზე, მიისაკუთროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ვხედავთ, საქართველოში, მედია-საშუალებები ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია, დავინახოთ, რა შორს დგას ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სტანდარტებისგან.

მიგვაჩნია, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში ისედაც არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და ყველა წამყვანი კერძო მაუწყებელი წარმოადგენს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს რეალურად მიუკერძოებელი. ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთი რომელიმე ჯგუფს: ხელისუფლებას, ოპოზიციას, ლიბერალებს, კონსერვატორებს და ა.შ.

„თავისუფალი საქართველო“ მხარდაჭერას უცხადებს მალხაზ რეხვიაშვილს და მასთან ერთად, აჭარის ტელევიზიის უსამართლოდ შევიწროვებულ ყველა სხვა თანამშრომლეს“ - აცხადებს ნიკოლოზ ანთაძე.