დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“ განათლების

მინისტრის გათავისუფლებას ეხმიანება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მთავრობაში განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის შეცვლას მიესალმება. როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაამტკიცეს, პარტია მაშინვე მიუთითებდა, რომ ამ მთავრობის ყველაზე სუსტი რგოლი, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, მიხეილ ბატიაშვილი იყო.

რა თქმა უნდა, მიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბატიაშვილის რეპუტაცია გასვრილი იყო ია კერძაიას საქმით და იმედი გვაქვს, რომ ბატიაშვილის პერსონალური ფაქტორის არარსებობის პირობებში, აღნიშნულ საქმეზე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. იმავდროულად, ვფიქრობთ, რომ არ უნდა მოხდეს ერთი არაფრის მთქმელი სახელის და გვარის მეორე არაფრის მთქმელი სახელით და გვარით ჩანაცვლება. დღეს მნიშვნელოვანია არა სამინისტროს მორიგ რეორგანიზაციაზე საუბარი (იმაზე, რომ კულტურის სფერო უნდა გამოეყოს სამინისტროს და სპორტი ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდეს), არამედ იმაზე, თუ რა არის ძირეული საკითხი განათლებისა და კულტურის სფეროში:

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს რომ აუცილებელია, არსებული მავნებლური ლიბერალური, ანტიეროვნული კურსის შეცვლა - ეროვნული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის აუცილებელი პრიორიტეტებით. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ განათლების სამინისტროში ყველა მიმართულებას დღემდე კახა ლომაიას დროინდელი კადრები ხელმძღვანელობენ, ხოლო მინისტრები, უბრალოდ, ბუტაფორიას წარმოადგენენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებთ, განათლების მინისტრის კანდიდატურა, როგორც გამონაკლისი, გახადოს საჯარო დისკუსიის საგანი და 27 წლიანი წყვეტის შემდეგ, ამ სფეროში მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებისა და კულტურის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების დაწყება გახდეს“.