დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ზვიად ციკოლიას მიერ

სარეკლამო ბილბორდის შეცვლას მიესალმება

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია, კომპანიებს მოუწოდებს, რომ მიბაძონ "ციკოლიას" და  შეცვალონ უცხოენოვანი სარეკლამო ბილბორდები (მოგეხსენებათ, "ციკოლიას" ბრენდის საათის  ბილბორდი ვარაზის ხევში არაქართული  შრიფტით იყო შესრულებული, რაც კომპანიამ "თავისუფალი საქართველოს" მიმართვის შემდგომ შეცვალა და კანონის ფარგლებში მოაქცია).

კომპანიებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი ბიზნესს აწარმოებენ საქართველოში და არა იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფო ენა ინგლისურია. შესაბამისად, რეკლამა უნდა განთავსონ ქართულ ენაზე და ქართული შრიფტით, რასაც კანონი არეგულირებს, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ კანონის  აღსრულება ჯეროვნად არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული მოცემულობა მერიის ზედამხედველობის სამსახურის არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს, მეტად სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ენისა თუ დამწერლობის მიმართ არსებული გულგრილი და არაღირსეული დამოკიდებულება.

"თავისუფალი საქართველო" მივიჩნევთ, რომ ამ მიმართულებით არსებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და უნდა გაიზარდოს ჯარიმის ოდენობა, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც რამოდენიმეჯერ დაარღვევენ კანონის მოთხოვნას უპირობოდ უნდა აეკრძალოთ საქმიანობა. ამასთან, “თავისუფალი საქართველო” მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოუცხადონ ბოიკოტი "კასტელოს", “ბარბერს" და იმ კომპანიებს, რომლებსაც მხოლოდ უცხოურ ენაზე აქვთ განთავსებული სარეკლამო ბილბორდები.