დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები გლდანის

რაიონში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

თავისუფალი საქართველო არასოდეს მისულა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო დაპირებებით, ჩვენი პარტია ამომრჩევლებთან ყოველთვის მიღწეული შედეგებით მიდის,- ეს განცხადება დღეს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ გლდანის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე გააკეთა.

მისი თქმით, უკვე ერთწელზე მეტია, რაც ათასობით ადამიანი თავისუფალი საქართველოს მიერ შემუშავებული იაფი მედიკამენტების პროგრამით სარგებლობს, უამრავი ოჯახი კი მევახშეებისგან გამოსახლებას გადაურჩა.

ქვეყანაში წინასარჩევნო ციებცხელებაა, პარტიები მილიონობით თანხას ხარჯავენ იმისთვის, რომ თავიანთი რეკლამირებული დაპირებებით მოვიდნენ თქვენამდე, ჩვენ ასეთი თანხები არ გაგვაჩნია, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს საკუთარი ქვეყნისა და ქართველი ხალხის სიყვარული, რომელსაც არა რეკლამებით, არამედ მიღწეული შედეგებით ვდეკლარირებთ და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მხარდამჭერებმა. ყველამ შესანიშნავად იცის ისიც, რომ ჩვენი პარტიის წევრები არასოდეს ყოფილან მმართველ ხელისუფლებაში, მათ არასოდეს ჰქონიათ დიდი ბიზნესი, სამაგიეროდ ეს ყველაფერი გააჩნდათ და გააჩნიათ იმ პარტიებსა და ადამიანებს, რომლებიც მათგან გაკოტრებულ ამომრჩევლებს, დღეს ისევ ურცხვად სთხოვენ საარჩევნო ხმებს, ამიტომაც თავისუფალი საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ, სხვა შემთხვევაში ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება, - აღნიშნა კუკავამ.

თავისუფალი საქართველოს ლიდერს, ასევე მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, დღეს, ქვეყანაზე და მის მოსახლებაზე, არსებული ხელისუფლება ძალადობს.

ქართულ სპორტსა და სპორტულ მიღწევებს მივესალმებით, მაგრამ კუნთმაგარმა სპორტსმენებმა ეს მიღწევები შესაბამის შეჯიბრებებში უნდა ასახონ და არა საარჩევნო გარემოში, საარჩევნო უბნებზე, ან პარლამენტის დარბაზში.

სააკაშვილის ზონდერები, ივანიშვილის ზონდერებმა ჩაანაცვლეს. არაფორმალური სადამსჯელო რაზმების მოქმედების დრო უნდა დასრულდეს, ისევე როგორც დასრულდა მხედრიონის დრო, რომელიც 90-ანი წლების საქართველოში პანიკასა და შიშს თესდა მოსახლეობაში, - დასძინა კახა კუკავამ.

თავისუფალი საქართველო წინასაარჩევნო შეხვედრას ხვალ ვაზისუბნის მოსახლეობასთან გამართავს, მოგვიანებით კი პარტიის ლიდერები ტაბახმელაში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდებიან.