დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ კარლო კოპალიანის „ტექნიკური

უნივერსიტეტის“ კანცლერად დანიშვნას ეხმაურება

პარტია თავისუფალი საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, შოთა მაქაცარია დეპუტატ კარლო კოპალიანის ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად დანიშვნას ეხმაურება:

მიგავჩნია რომ, სრულიად სკანდალური ფაქტია კარლო კოპალიანის ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად დანიშვნა, რაც კარგად წარმოაჩენს იმას რომ, ქართული ოცნება და არსებული რეჟიმი მთლიანად იმყოფება ხრწნის უკანასკნელ სტადიაზე.

ერთის მხრივ, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტის მასხარად აგდებაა, როდესაც კანცლერის პოზიციაზე ინიშნება არა მეცნიერი, არამედ ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას თავი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ნახევრად კომიკური განცხადებებით დაამახსოვრა. არჩევის პროცედურა კი, რომელიც გულისხმობს უკონკურენტოდ, 35-დან 34 ხმით გადაწყვეტილების მიღებას - მხოლოდ ოცდაათიანი წლების ბოლშევიკურ ტრადიციას თუ შეგვახსენებს.

მეორეს მხრივ, სრულიად აშკარაა, კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტორი: ქართული ოცნება ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პარტიული სიის დასაკომპლექტებლად. გასაგებია რომ ხელისუფლება 117 დეპუტატს ვეღარ გაიყვანს პარლამენტში. უკეთეს შემთხვევაში მათ შეიძლება ჰქონდეთ 30-35 მანდატის იმედი პროპორციული სიით. ამიტომაც ბალასტის დასაქმება მაღალ ანაზღაურებად საბიუჯეტო სტრუქტურებში დაიწყეს.

ივანიშვილს და მის რეჟიმს აინტერესებს არა ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის კანცლერი, არამედ ის, რომ კოპალიანს და მის მსგავს სხვა მუქთახორებს უზრუნველი მომავლის გარანტიები შეუქმნან, რაც ანგრევს, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ, ასევე განათლების სისტემას.

თავისუფალი საქართველო გმობს ამ გავრცელებულ მავნე პრაქტიკას და პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას, რომ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაიხედება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ყველა დანშვნა განათლების სისტემაში, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს მმართველი რეჟიმის პოლიტიკური ხუშტურებისგან.