დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილი

ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

უპირველესად მოგმართავთ, როგორც შშმ ბავშვის მშობელი, ხოლო შემდეგ, როგორცთავისუფალი საქართველო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში.

.. 24 მაისს, აშშ-ის მხარდაჭერით, თბილისში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა. ამ კეთილშობილურ ფაქტს, ათასობით შშმ ბავშვი, მოზარდი და მათი მშობლები დიდი სიხარულითა და იმედით შეხვდნენ.

სახელწიფო დაფინანსებით ამოქმედდა ჯანმრთელობის რეაბილიტაციის კურსები და თითქოს ყველაფერი გეგმიურად წარიმართა, თუმცა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული პანდემიის გამო აღნიშნული პროგრამა მალევე შეწყდა. უამრავი ბავშვი და მოზარდი მკურნალობის კურსების მიღმა აღმოჩნდა, თუმცა გაირკვა, რომ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა პაციენტების მიმართ დღემდე მოქმედებს და ეს იმ დროს, როდესაც მკურნალობის სარეაბილიტაციო კურსებით, უკვე ოთხთვეზე მეტია რაც აღარავის უსარგებლია.

ჩემთვის ასევე ისიც გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე თვეა, რაც ხელფასი აღარ ეძლევა ცენტრში მომუშავე ექმიმებსა და სხვა მომსახურე პერსონალს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, სად და ვის ჯიბეში მიდის შშმ ბავშვების, მოზარდებისთვისა და მედპერსონალისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხები, როდესაც თავად პაციენტებსა და მათ ექიმებს მკურნალობის კურსების ჩატარების შესაძლებლობა აღარ ეძლევათ, ხოლო თავად ცენტრი, ქვეყანაში არსებული პანდემიის მოტივით, ფაქტობრივად უფუნქციოდაა დარჩენილი.

მე, როგორც ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელი და ამავე დროსთავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, მოგმართავთ, ყურადღებით შეისწავლოთ აღნიშნული ფაქტი და ამ ყველაფერს შესაბამისი შეფასება მისცეთ.

მინდა, დავიტოვო იმედი, რომ შშმ ბავშვებსა და მოზარდებს უახლოეს მომავალში კვლავ მიეცემათ მკურნალობის კურსის გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიის პაციენტებზე საკუთარ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯებიან.

პატივისცემით, გია ყრუაშვილი