დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ და „აფხაზეთისთვის მებრძოლთა ლიგამ“ აფხაზეთიდან

დევნილების მხარდასაჭერი ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართეს

აფხაზეთის უზენაესი საბჭო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერაა დანიშნული, მთლიანი შემადგენლობით უნდა გადადგეს. აფხაზეთიდან დევნილებს არ სჭირდებათ ისეთი ბიუროკრატიული აპარატი, რომლის შენახვაც საქართველოს ბიუჯეტს 19 მილიონი უჯდება, - ეს განცხადება დღეს თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამეგრელოში, გოჩა ბახიამ - თბილისში, აფხაზეთის მთავრობის შენობის წინ გამართულ საპროტრსტო აქციაზე გააკეთა.

მისი თქმით, აფხაზეთიდან დევნილებს 27 წლის განმავლობაში აქვთ კონსტიტუციური უფლება ჩამორთმეული, რომელიც მათ საშუალებას არ აძლევს ლეგიტიმური ხელისუფლება თავად აირჩიონ.

იმის მაგივრად, რომ ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლებები ხალხზე ზრუნავდეს, წლიდან წლამდე მილიონობით თანხა ჰაერში იფანტება. აფხაზეთიდან დევნილებს არ სჭირდებათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დღემდე კომუნისტური პრინციპებით იმართება.

მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, კარგად გვესმის, რომ დევნილების აფხაზეთში დაბრუნება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა შეძლოს ხელისუფლებამ, რომ ამ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების პირობები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუქმნას. განაცხადა გოჩა ბახიამ.

დღესვე, საპროტესტო აქციაზე განცხადება გააკეთეს აფხაზეთისთვის მებრძოლთა ლიგის წევრებმაც.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ირაკლი ტორუას თქმით, თუ ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლებები ხალხის სასიკეთო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში არ მიიღებენ, მომდევნო საპროტესტო აქცია გაცილებით მწვავე ხასიათს მიიღებს, თუმცა ანტიკონსტიტუციურ ჩარჩოს არ გასცდება.

ჩვენი მიზანია დევნილების მაქსიმალური მხარდაჭერა. ადამიანები თითქმის სამი ათეული წელია რაც დევნილობაში იმყოფებიან, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა მათი ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება. საკუთარ სამშობლოში ისევ მოუგვარებელია მათი ბინადრობის პრობლემა, ხოლო ვისაც თავშესაფარი აქვს, ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, აღარაფერს ვამბობ ამ ადამიანებს დასაქმებაზე, რომელიც მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემას წარმოადგენს,- განაცხადა ირაკლი ტორუამ.