დაფინანსება

“თავისუფალი საქართველო“: მუნიციპალური განვითარების ფონდი სატენდერო

თანხებს „ბერავს“, ხოლო ტენდერებს არაკვალიფიციურად ატარებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება. როგორც ირკვევა, ჭუბერში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობისთვის 2 357 100 ლარია გამოყოფილი, ხოლო წარდგენილ დოკუმენტაციაში საეჭვო გარემოებები იკვეთება.
„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო განათლება, რომელიც სახელმწიფოს განვითარების და წინსვლის ქვაკუთხედს წარმაოდგენს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტენდერის ღირებულება საეჭვოდ მაღალია იმ შემთხვევაშიც კი თუ იატაკის მასალად მაკაგონს და მარმარილოს გამოვიყენებთ, ხოლო კარის სახელურს ოქროსგან დავამზადებთ.


საყურადღებოა, თუ ვინ მოიგო ტენდერი?! აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „გრავიტა“-მ, ვინაიდან სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებული იქნა უფრო დაბალი შეთავაზების მქონე შპს „აისი დეველოპმენტი“ (დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის გამო), რაც თითქოს ეჭვს არ იწვევს და ნორმალური შემთხვევაა, თუმცა ეჭვის გამომწვევ საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ  სატენდერო კომისიამ გაითვალისწინა შპს „გრავიტა“-ს მიერ წარდგენილი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც მისადმი გაცემულია შპს „თეგეტა მოტორსი“-ს მიერ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „გრავიტა“-ს და მისი რეკომენდატორი შპს „თეგეტა მოტორსი“-ს საკონტროლო პაკეტები გახლავთ შპს „თი ჯი ემ“ ჯგუფს მფლობელობაში, შესაბამისად მითითებული ფირმები არიან ერთი და იმავე კომაპანიის მფლობელობაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოხსენიებული სუბიექტები, სამართლებრივ ენაზე „ურთიერთ დამოკიდებულ პირთა“ ერთობლიობას ქმნიან. ასევე ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ შპს „თი ჯი ემ“ ჯგუფის მეწილე და შპს „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი მშვილდაძე, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის გულუხვი შემომწირველია (ფონდს 55 000 ლარი შესწირა), რაც რათქმაუნდა ცალსახად არ მიუთითებს რაიმე სახის მტკიცებულებებზე, თუმცა საერთო ჯამში გარკვეული ეჭვების გამომწვევ დამატებით ინდიკატორს წარმოადგენს.

პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს გუნდს, მიგვაჩნია, რომ რათქმაუნდა სახელმწიფოში უნდა აშენდეს საგანმანათლებო დაწესებულებები, თუმცა უპირობოდ აუცილებელია მსგავსი სახის პროექტების კონტროლისა და მონიტორინგის გამკაცრება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ზემოაღნიშნული თუ სხვა სახის „საეჭვო“ ტენდერებით, რათა თავიდან ავიცილოთ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ფლანგვა.