დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ სახელფასო ფონდის 1/3-ს

კორონავირუსის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ სახელფასო ფონდის 1/3-ს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს და ვეცდებით, ჩვენი მწირი რესურსებით დავეხმაროთ იმ კატეგორიას, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა პანდემიით გამოწვეული კრიზისისგან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ქართველებს და ემიგრაციაში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს.

 

პანდემიური კრიზისის დაწყებისთანავე ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მთავრობის ცალკეულ გადაწყვეტილებებს, მხარდაჭერას ვუცხადებთ მთლიანობაში ანტიკრიზისულ სტრატეგიას და მიგვაჩნია, რომ ასეთი განსაცდელის პირობებში არ რჩება შიდა პოლიტიკური პოლემიკისთვის ადგილი. თუმცა ძალზედ სამწუხაროა, რომ ამის მიუხედავად, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში გამოჩნდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც კვლავინდებურად აგრძელებენ სიძულვილზე და ექსტრემიზმზე დაფუძნებულ რიტორიკას. მიგვაჩნია, ქველმოქმედება უნდა იყოს მიმართული იმ ხალხის დახმარებისთვის, რომელსაც ეს ნამდვილად სჭირდება და არა ვიღაცის ჯიბრზე - სარეკლამო თუ ანტისარეკლამო კამპანიის წარმოებისათვის.

 

სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით მოწმე, როგორც კი ხელისუფლებამ გადარიცხა თავისი ბიუროკრატიული ხარჯების მცირე ნაწილი საქველმოქმედო ფონდში, სინქრონულად სამთავრობო ტელევიზიებმა, საბიუჯეტო ექსპერტებმა და მრავალრიცხოვანმა ტროლებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი და პროპაგანდისტული კამპანია ოპოზიციის წინააღმდეგ.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, როგორც მთავრობას, ასევე რადიკალურ ოპოზიციას - დროებით შევაჩეროთ ზღვარს გადასული ოპონირება და ყველამ ჩვენ-ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ პანდემიის შესაჩერებლად.

 

„თავისუფალი საქართველო“ გეგმავს, ითანამშრომლოს მთავრობასთან პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სფეროშიც, თუ რა თქმა უნდა მთავრობის მხრიდანაც შემხვედრი სურვილი იქნება.