დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ საარჩევნო

პროგრამის პრეზენტაცია გამართა

4 ივლისს, ილიას ბაღში „თავისუფალმა საქართველომ“ საარჩევო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის თბილისის ორგანიზაციის აქტივი, ასევე ეროვნული მოძრაობის ვეტერანები, პარტიის მხარდამჭერები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართს პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბეგიშვილმა, აგრეთვე, ეროვნული მოძრაობის ვეტერანების სახელით, ქალბატონმა ეთერ მგალობლიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარემ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ძირითადი დებულებები გააცნო. კახა კუკავამ განაცხადა, რომ „თავისუფალი საქართველო“ გამორიცხავს კოალიციური ფორმით თანამშრომლობას, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან, ეს ძალები რეალურად სათავეს იღებენ ერთი პარტიის - შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირისგან“ და მათ შორის დაპირისპირების მიზეზიც, არა სახელმწიფოებრივი იდეალები, არამედ ვიწრო პარტიული და კორუფციული ინტერესებია. „თავისუფალი საქართველო“ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ერთადერთი ძალა, რომელიც არასდროს ყოფილა არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის გუნდის დანამატი, არამედ პარტია წარმოადგენს  ეროვნული მოძრაობის ხაზს ქართულ პოლიტიკაში. კახა კუკავას შეფასებით, 2020 წლის არჩევნები არის რეალური შანსი, რომ 28 წლიანი წყვეტის შემდეგ, ეროვნული მოძრაობა დაბრუნდეს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

კახა კუკავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი პარტიის სოციალურ პროგრამებს. „თავისუფალი საქართველო“ უკვე ახოციელებს იაფი მედიკამენტების პროგრამას, რომლის დახმარებითაც, მოქალაქეებს შეუძლიათ მაღალი ხარისხის პრეპარატები თურქული აფთიაქების ფასში იყიდონ, რაც ქართულ მონოპოლიურ ფარმაცევტულ ბაზართან შედარებით 3-4-ჯერ იაფია. პარტია არჩევნებამდე გეგმავს აამოქმედოს იაფი საწვავის პროგრამაც.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ისაუბრა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და კონსერვატიული ფასეულობების გაძლიერების საკითხზე. მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“, განსხვავებით არსებული ლიბერალური სპექტრისგან, პარლამენტში იქნება ის ძალა, რომელიც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების დასასრულს, „თავისუფალი საქართველოს“ წევრებს პარტიის განახლებული მანდატები გადაეცათ.