დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები საბურთალოს

რაიონში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პრინციპებს პოლიტიკური ინტუიციის მიხედვით არ იცვლის. ჩვენ ვართ ეროვნული გმირების: ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას განვლილი გზის საფუძველზე აღმოცენებული ძალა და ამ მიმართულებას არ გადავუხვევთ“,- ასე მიმართა დღეს საბურთალოს რაიონში შეკრებილ მხარდამჭერებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

მისი თქმით, საქართველოში არებული მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება არა პოლიტიკოსებმა, არამედ ხალხმა თავად უნდა გამოასწოროს.

„არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხში ნიჰილიზმს თესავენ, როდესაც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაა საჭირო. რბილად რომ ვთქვა მიკვირს ზოგიერთი ჩემი კოლეგის. განა იმისთვის ვიბრძოდით ყველანი ერთად წლების წინ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური რეინკარნაცია მომხდარიყო? ანდა, როგორ შეიძლება ხელისუფლებაში დარჩეს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მისი დაპირებებიდან ოთხის მაგივრად, რვა წელი გავიდა და გასაოცარი საქართველოს მაგივრად, ეკონომიკურად გაღატაკებული, ხოლო პოლიტიკურად, უკიდურესად დაუძლურებული ქვეყანა მივიღეთ. აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური პლატფორმა - „ორი ბოროტებიდან, ნაკლები ბოროტება ავირჩიო“ უნდა დასრულდეს!

არსებობს მესამე გზა, რომელიც არა კაპიტულანტური, არამედ დინების წინააღმდეგობრივია, რომელსაც „თავისუფალი საქართველო“ გთავაზობთ“, - აღნიშნა ამომრჩევლებთან საუბრისას კახა კუკავამ.

მოგვიანებით, შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით, როინ ხიჯაკაძემ მიმართა.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მხარდამჭერებს „თავისუფალი საქართველოს“ პროგრამა და დასახული სტრატეგია გააცნო, თუმცა მანამდე რამდენიმე პოლიტიკური შეფასება გააკეთა.

„ჩემს ამომრჩევლებს ყოველდღურ რეჟიმში ვხვდები და მათ პოლიტიკურ დაკვეთას შესანიშნავად ვიცნობ. ხალხი ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვებას ითხოვს, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ სააკაშვილი მობრუნდეს, რომელიც მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, 8 წლის შემდეგ უხდის ბოდიშს საზოგადოებას.

უკაცრავად, მაგრამ სააკაშვილის ბოდიშის, არა თუ ხალს, არამედ მისი რეჟიმის მთავარ იდეოლოგებსაც კი არ სჯერათ, რომლებმაც დღეს, პოლიტიკური ელფერი „ევროპული მანტიით“ შეიცვალეს, თუმცა შინაარსობრივად იგივე კონსტრუქციით და შინაგანი კონსტიტუციით დარჩნენ, ვინაიდან ახლავე აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი პოლიტიკური ოპონენტები ციხეში აღმოჩნდებიან“,- განაცხადა ხიჯაკაძემ.

რაც შეეხება პარტიულ პროგრამას, მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში შესვლის თანავე „თავისუფალი საქართველო“ სამი ფუნდამენტური კანონპროექტის მხარდაჭერის ინიციატივით გამოვა.

„ჩვენ, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რის საფუძველზეც „თავისუფალი საქართველო“ საპარლამენტო პარტია გახდება. როგორც კი საკანონმდებლო ორგანოში შევალთ, სამ უმთავრეს კანონპროექტს დავაინიცირებთ. ესენია: კანონი იაფი მედიკამენტების შესახებ, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ წამლები 70%-ით იაფად შეიძინოს, მეორე უმთავრესი კანონპროექტი იქნება საბანკო გამოსახლებების აკრძალვის შესახებ, რომლის შედეგადაც ბანკებს ოჯახების გამოსახლება საცხოვრებელი ფართებიდან აეკრძალებათ, ხოლო მესამე კანონპროექტი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს, რომლის საფუძველზეც ქართული პროდუქციის განვითარება მაქსიმალურად გაიზრდება, უცხოურ კომპანიებს კი, აღარ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში უალტერნატივო მონოპოლისტები იყვნენ“, - განაცხადა როინ ხიჯაკაძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები უახლოეს მომავალში ქვემო ქართლის რეგიონს ეწვევიან, სადაც პარტიის მიმდინარე და სამომავლო გეგმებს ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობენ.