დაგვაფინანსე

კახა კუკავამ იაფი

მედიკამენტების დარიგება დაიწყო

პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ, მასშტაბურ კამპანიას აგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, პროგრამა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტს და საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითღირებულებაში გადაცემას გულისხმობს. დაინტერესებული პირები წამლებს, ქართულ აფთიაქებთან შედარებით, 1/3 ფასში მიიღებენ.

„2 ოქტომბერს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პროგრამის ფარგლებში წამალი „კაპტოპრილ-დენკი“ პენსიონერ ლამარა თაბუკაშვილს პირადად გადასცა, რომელმაც მედიკამენტი „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონულ აფთიაქში 5.11 ლარად შეიძინა (სამთავრობო მონოპოლიები იმავე მედიკამენტს 21 ლარად ყიდიან).

„თავისუფალმა საქართველომ“ უკვე მიმართა წამლების სააგენტოს სპეციალიზებული აფთიაქის მოწყობის მოთხოვნით და შესაბამისი ნებართვის მიღებების შემდეგ, იაფი მედიკამენტების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

გარდა ამისა, „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტებით არამონოპოლიურ (ე.წ. არაბრენდულ) მცირე აფთიაქებს მოამარაგებს, რაც სააფთიაქო ბაზარზე მონოპოლიების მდგომარეობის შერყევის პირველი მცდელობა იქნება “, - ნათქვამია ინფორმაციაში.