დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ფოთში მაჟორიტარი

დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერები დღეს  ფოთში ჩავიდნენ, სადაც, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად თამარ ფაჩულია წარადგინეს.

პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ისევე, როგორც მთელი საქართველო, დღეს ფოთიც დაპაუზებულია. „ეს უდიდესი შესაძლებლობების ქალაქი წლებია, რაც განვითარებას აღარ განიცდის. არა და ქართული ეკონომიკის კუთხით ფოთის გამოყენება ათმაგად არის შესაძლებელი. ქალქის იერსახეც კი უცვლელია, არა თუ ინდუსტრიული მიმართულებები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა არსებული რეალობა რადიკალურად უნდა შეცვალოს. 1 ნოემბიდან ხალხს მომავლის იმედი უნდა დაუბრუნდეს, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას ფაქტობრივად აღარ გააჩნია“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისი აზრით, საქართველოში ხელისუფლების გარდა ის კაბალური მიდგომებიც უნდა შეიცვალოს, რომელიც ოლიგარქებს  მოსახლეობის გაღატაკების შესაძლებლობებს აძლევს. „ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც მევახშეობის წინააღმდეგ გამოდის. „თავისუფალი საქართველო“ -  პირველი, რასაც პარლამენტის დღის წესრიგში ჩაწერს, მევახშეობის აკრძალვა იქნება, რომელმაც ათასობით ადამიანი, საკუთარი სახლ-კარის გარეშე დატოვა, ვინც ამას გადაურჩა კი, უცხოეთში წავიდა რათა ბანკებისგან კუთვნილი ქონება გამოისყიდოს“,- განაცხადა კუკავამ.

მანვე დღეს ფოთში შეკრებილ მოსახლეობასთან ყურადღება „თავისუფალი საქართველო“-ს მიერ განხორციელებულ „იაფი მედიკამენტების“ პროგრამაზეც გაამახვილა. „საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აღნიშნული კამპანია გასული წლის სექტემბრიდან დავიწყეთ, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, თუმცა დღეს გამოჩდნენ, პოლიტიკას ამოფარებული ფარმაოლიგარქები, რომლებმაც ჩვენი იდეა გადმოაკოპირეს და პაციენტებს ანალოგიუ შეღავათებს სთავაზობენ, თუმცა არჩევნებამდე მათ არც ადამიანები და არც ამ პროგრამის შინაარსი და მიზანი არ გახსენებიათ“,-აღნიშნა კახა კუკავამ.

საკუთარ ამომრჩევლებს დღეს სამეგრელოს მაჟორიტარმა კანდიდატმაც მიმართა. „თავისუფალი საქართველო“-ს მთავარი დევიზია „დინების წინააღმდეგ“.  ეს დევიზი ზუსტად შეესატყვისება ჩემს პიროვნებასა და ცხოვრებისეულ პრინციპებს, აქედან გამომდინარე მზად ვარ, ყველა სიძნელეს შესაბამისად ვუპასუხო და მაქსიმალური  შედეგისთვის ვიბრძოლო, რათა ფოთი აღარ იყოს ეკოლოგიურად მომწამვლელი ქალაქი, ხოლო ახალგაზრდებს აქ ცხოვრების მოტივაცია, კვლავ დაუბრუნდეთ“, - განაცხადა თამარ ფაჩულიამ.

„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 5 სექტემბერს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს.