დაგვაფინანსე

„თავისუფალი საქართველო“: 2 თებერვლის

ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

28 წელი გავიდა 1992 წლის 2 თებერვლის სისხლიდან ტრაგედიიდან, როდესაც სამხედრო საბჭოს შეიარაღებულმა ბანდ-ფორმირებებმა გმირთა მოედანზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით მშვიდობიან მომიტინგეს დამიზნებთ გაუხსნეს ცეცხლი. შედეგად, დაიღუპა რამდენიმე ათეული მოქალაქე და დაშავდა ასეულობით პირი.

არცერთ მომდევნო ხელისუფლებას არ გამოუძიებია ეს შემზარავი დანაშაული და პასუხი არ უგია არცერთ მკვლელს. მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტაში მონაწილე პირები დღემდე თავისუფლად განაგრძობენ ცხოვრებას, მათი ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებული და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას.

2 თებერვალს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები ტრაგედიის ადგილას, გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 28 წლის წინ მომხდარი სისხლიანი მოვლენები.

როგორც აქციაზე შეკრებილებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მომოხდარიდან თითქმის 3 ათეული წელი გავიდა, ასეთი მასშტაბის დანაშაული არასდროს მიეცემა დავიწყებას და შეუძლებელია ვისაუბროთ სამართლიანობის აღდგენაზე, თუკი პასუხს არ აგებენ ამ სისხლიანი მოვლენების მონაწილეები.

აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებასგან 2 თებერვლის ტრაგედიის გამოძიებას, დამნაშავეთა მხილებას და მკვლელების დასჯას მოითხოვენ.