პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:27:07
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
FOR.GE: „მმართველ გუნდს კოაბიტაციის სიტკბოებამ სამართლიანობის აღდგენა დაავიწყა“
27-03-2013  

რუსიკო უშიკიშვილი


დღეს ფორ.გე-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა. თავდაპირველად მან სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელიც „თავისუფალი საქართველოს“ იუსტიციის სამინისტროს მიმართ არსებულ პრეტენზიებს ეხება. კუკავას თქმით, ერთი საკითხი, რომლის გამოც იუსტიციის სამინისტროსთან აქვს პრეტენზია, ეს არის საბანკო ვალები. კახა კუკავა აცხადებს, რომ არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ დაპირება იყო, რომ შეწყდებოდა ადამიანების კუთვნილი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლება და მოხდებოდა ვალების რესტრუქტურიზაცია.


„არჩევნების შემდეგ, როგორც ბევრი სხვა დაპირება, ეს დაპირებაც „ქართულმა ოცნებამ“, თუ მისმა ნაწილმა დაივიწყა. გახსოვთ, ალბათ, „თავისუფალმა საქართველომ“ მოვალეთა დიდ ჯგუფთან ერთად არაერთი აქცია გამართა და როგორც იქნა, რამდენიმე კვირის წინ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც საბანკო ვალების რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და ცოტა ცინიკურიც აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიან კომერციული ბანკები (ანუ ისინი, ვინც ხალხს სახლებიდან ასახლებს) და არ არის მიწვეული არც ერთი მოვალე და არც მათი წარმომადგენლები“, - აცხადებს კახა კუკავა.


მისი თქმით, მოვალეებმა რამდენიმე დღის წინ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვეს, რომ ამ სამუშაო ჯგუფში პარტია „თავისუფალი საქართველო“ ერთი წევრით ყოფილიყო ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი. კუკავას თქმით, იგი არ არის დარწმუნებული, რომ თეა წულუკიანი წაიკითხავს ამ წერილს. ამიტომ მედიის საშუალებით მიმართავ მას და ეუბნება, რომ არჩევნებში მმართველ კოალიციას ხმა მისცეს არა ბანკებმა, არამედ ბანკების მოვალეებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს მმართველი გუნდი ბანკების ადვოკატად იქცა და მოვალეები კი უყურადღებოდ დატოვა. ამიტომ კახა კუკავა კატეგორიულად მოითხოვს, სამუშაო ჯგუფში მოვალეთა წარმომადგენელი იყოს მიწვეული.


„სამწუხაროდ, ყოველდღიურად მიმდინარეობს ადამიანების მათი საცხოვრებლიდან გამოსახლება, მაგრამ ეს პროცესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ ხვდება. ეტყობა აუცილებელია, რომ ან ერთი წლის ბავშვი დაიღუპოს, ან ბენზინი გადაისხას ადამიანმა, რათა ამ ხელისუფლებამ, ან საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს“, - ამბობს კუკავა.


მეორე საკითხი, რომელზეც იგი ყურადღებას ამახვილებს, ეს არის სამართლიანობის აღდგენის თემა. კუკავას თქმით, სამართლიანობა საქართველოში მხოლოდ ერთი ოჯახისთვის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის აღდგა, რადგან მას დაუბრუნდა „ქართუ ბანკი“-სთვის მიყენებული ზარალი, რომელიც დროებითი მმართველის ყოფნის პერიოდში მიადგა, ასევე აუნაზღაურდა მთელი ის ზიანი, რაც „ელიტა ბურჯს“ და ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებს მიადგათ. ამავდროულად, კუკავას თქმით, სხვა არც ერთი ადამიანისთვის ერთი ჯიხურიც კი არ არის დაბრუნებული. აქვე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ აქამდე ასე მწვავედ არ საუბრობდა, მაგრამ ახლა უკვე ყველა გონივრული ვადა გავიდა და ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენა მოხდეს, ფინანსთა სამინისტრომ სააკაშვილის მიერ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონების რეალიზაცია დაიწყო.


„ამის მიზეზი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ფინანსური ოლიგარქიები არის შეკრული. დღეს „პიქსელის“ სხვადასხვა სართულებზე არის განთავსებული გია ხუხაშვილის და დავით კეზერაშვილის ოფისები და ეს ადამიანები ერთმანეთთან ძალიან წარმატებულად თანამშრომლობენ. კეზერაშვილი ფოთის პორტიდან ისევ იღებს თავის წილებს, ისევე, როგორც კვლავინდებურად „ნაციონალების“ საკუთრებაში რჩება მათ მიერ რეკეტის წესით მითვისებული ყველა ბიზნესი. უბრალოდ, მათ თანამფლობელები დაემატნენ“, - აღნიშნავს კახა კუკავა.


მისი თქმით, „თავისუფალმა საქართველომ“ არაერთი განცხადებით მიმართა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა, რომ სადაც ქონებები საპროცესო გარიგებების სანაცვლოდ არის ჩამორთმეული, მოხდეს ამ საპროცესო გარიგებების გადასინჯვა, ხოლო სადაც ქონების ჩუქების ხელშეკრულებები არსებობს, ეს ხელშეკრულებები გაბათილდეს. კუკავა ამბობს, რომ მთავარ პროკურატურაში შეტანილ ერთ-ერთ განცხადებაში, სადაც ბრალდებული მიუთითებს, რომ წამების შედეგად მოაწერინეს ხელი ქონების ჩუქების ხელშეკრულებაზე, „თავისუფალმა საქართველომ“ პროკურატურიდან პასუხად მიიღო, რომ რადგან ხელმოწერა ჩუქებაზე არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა ნებაყოფლობით გააჩუქა საკუთრება. აქვე კუკავა აცხადებს, რომ ბრალდებული არც კი დაუკითხავთ ამ ფაქტთან დაკავშირებით და რაც ყველაზე ცინიკურია, ამ წერილს ხელს აწერს სწორედ ის პროკურორი, რომელმაც თავის დროზე ის საპროცესო შეთანხმება გააფორმა.


კახა კუკავა ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო პასუხი, რომ სამინისტრო ვერ შეაჩერებს იმ აუქციონებს, რომელიც სააკაშვილის მიერ ჩამორთმეულ ქონებაზე ტარდება, ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაბამისი მითითებები არ აქვს. კუკავას შეფასებით, ეს ქმედებები ყველა ზღვარს სცილდება და მმართველი გუნდი ისე არის კოაბიტაციის სიტკბოებით გაბრუებული, რომ მისი ძირითადი დაპირება, სამართლიანობის აღდგენა დაავიწყდა კიდეც.


„როდესაც მმართველ გუნდში კორუმპირებული მინისტრები არიან, ეს ლახავს არა მათ, არამედ მთელი მთავრობის რეპუტაციას. ამიტომ მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომლის გულშემატკივარიც ვართ, მიუხედავად ყველაფრისა, რომ ყველაზე მეტი მტრები მას ჰყავს არა „ნაციონალურ მოძრაობაში, არა „ევროპის სახალხო პარტიაში“, ან რომელიმე ტელევიზიაში, არამედ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეები დღეს „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტშია“, - ამბობს კუკავა.


ბატონო კახა, შვეიცარიის ელჩმა, გიუნტერ ბეხლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ღია წერილით მიმართა და ეს წერილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპის სახალხო პარტიის“ მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. როგორ შეაფასებდით ამ წერილს?


- მე მგონია, რომ ჩვენ ისევ 2012 წლის გაზაფხულს დავუბრუნდებით. ალბათ, ახლა გამოქვეყნდება სხვა ელჩის წერილი, რომელიც სავარაუდოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს და მერე იქნება ამ წერილების შეჯიბრება. შემდეგ დაიბეჭდება შეკვეთილი სტატია „ნიუ იურკ თაიმსში“, ამას მოჰყვება საპასუხო წერილი „გარდიანში“. ჩემი აზრით, ეს არ არის ყველაზე საინტერესო საკითხი. საერთოდ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს არიან შეზრდილები. ისინი არიან ერთი დიდი პოლიტიკური პარტიის ორი ფრაქცია, რომლებიც ქმნიან ამ ფარსს, სახელწოდებით „კოაბიტაცია“, და არარეალურ, არასერიოზულ თემებზე მიმართავენ საზოგადოების ყურადღებას.


როგორც არ არის საინტერესო შვეიცარიის ელჩის წერილი, ისე არ იყო საინტერესო ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გასულ კვირას იქნა მიღებული, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. სამაგიეროდ, ეს ორი პოლიტიკური ძალა საკმაოდ წარმატებულად არიდებს საზოგადოების ყურადღებას ისეთ თემებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ამის მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ ევროპული ქარტია რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ. ამ ქარტიის რატიფიცირება (რაც კოალიციის ერთ-ერთმა სუბიექტმა, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაადასტურა და ამიტომ მმართველი კოალიციის პოზიციად შეგვიძლია განვიხილოთ), არის საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაცია. ზუსტად ასე დაიწყო თავის დროზე პროცესები აფხაზეთში და სამაჩაბლოშიც. სხვათაშორის, აფხაზეთიც საქართველოს მთავრობამ დაკარგა და ახლაც, ამ ქარტიის რატიფიცირების გზით, საქართველოს ხელისუფლება იწყებს საქართველოს დეზინტეგრაციას, მაგრამ ეს არ ხდება არც ერთი პარტიის და არც მედიის ინტერესის საგანი. ეს არის ის მანკიერი და მოჯადოებული წრე, რომლის საშუალებითაც იმართება ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო.


ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ დადგმული სპექტაკლია. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?


- დიახ, ეს სწორედ ასეა. არც ერთ პრინციპულ საკითხზე მათ დაპირისპირება არ აქვთ, პირიქით, ისინი თანამშრომლობენ, კოაბიტირებენ და რაიმე რეალურ ცვლილებებს ჩვენ ვერ ვხედავთ. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ევრონული მოძრაობა დაიწყო, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ჰქონდათ ასეთი სლოგანი - „ჩვენ ვებრძვით სისტემას და არა რაიკომის მდივნებს“. რა თქმა უნდა, ეს სლოგანი მაშინ იყო აქტუალური. დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეულ წევრებს ებრძვიან, რომლებიც განხილულები არიან, როგორც პრობლემა, იქნება ეს სააკაშვილი, თუ უგულავა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ დიდი პარაშუტი და რეანიმაციის ოთახი აქვთ გამზადებული (ეს პირდაპირ თქვეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა), რათა როგორმე გადაარჩინონ და შეინარჩუნონ. იგივე ხდება ბიზნესშიც, მთელი ის კორუფციული სქემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არის ჩამოყალიბებული, დღეს „ქართული ოცნების“ სამსახურშია. უახლოეს დღეებში დაიწყება საარჩევნო კამპანია და თქვენ ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი სამივე საარჩევნო ოლქში 90%-თ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივისგან იქნება დაკომპლექტებული. მათი დამფინანსებლების 90% „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლები იქნებიან.


რა თქმა უნდა, ეს დამღუპველია. თუ სისტემა არ შეიცვალა, ვიცე-სპიკერის, ან კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელში პეტრე იჯდება, თუ პავლე, ამას ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 


თქვენ თუ აპირებთ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას?


- ხვალ გვექნება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატების პრეზენტაცია და სამივე საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატებს.


როგორც ცნობილია, თქვენ „ქართულ ოცნებას“ მიმართეთ შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერისთვის. მიიღეთ მათგან რაიმე სახის გამოხმაურება?


- ჩვენ ვერ მივიღეთ გამოხმაურება. პრინციპში, გამოხმაურებად შეიძლება ჩაითვალოს „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება სამივე ოლქში საკუთარი კანდიდატების წამოყენებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მათ ამის უფლება აქვთ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მხრიდან ეს არაკოლეგიალური და უხერხული ნაბიჯია. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ მოგვიწოდა მხარდაჭერისკენ, ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ მათ თხოვნას, დავუთმეთ ყველა ოლქი და მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დავუჭირეთ მხარი. ასევე წინასაარჩევნო პერიოდში არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არც ერთი რეპრესია, რომ ჩვენ მათთვის სოლიდარობა არ გამოგვეცხადებინოს. გახსოვთ, ალბათ, რომ ჩვენ ვიყავით მაშინ ერთადერთი საარჩევნო სუბიექტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სოლიდარობას უცხადებდა. სამწუხაროდ, დღეს ამაზე საპასუხო ნაბიჯი ვერ მივიღეთ.


იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატი თვითონ გააკეთებს დასკვნებს, რა უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც დღეს 84 წევრისაგან შედგება, 87-მდე გაიზარდოს, თუ უფრო მნიშნელოვანია, რომ პარლამენტში გაჩნდეს კიდევ ერთი სუბიექტი, რომელიც დღეს ძალიან სჭირდება პარლამენტს და ეს არის ჯანსაღი და კონსტრუქციული, რეალური ოპოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კი განიცადეს მეტამორფოზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორატს ჯერჯერობით იგივე არ მოსვლია. ამას ყოველდღიურად ვუყურებ და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც 1 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მოშორებისთვის ყველაფერი გააკეთეს, არ ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ „თვაისუფალ საქართველოზე“ უფრო ჯანსაღი და რეალური ოპოზიციაა. ამიტომ, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის იმედი გვაქვს.


საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კონსულტაციებს მართავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორია თქვენი შეფასება ამ კანონპროექტთან და საერთოდ, ამ პროცესთან დაკავშირებით?


- ეს შეკითხვა არსებითად წინა შეკითხვის პასუხია და იმ თემასაც ეხება, რომლითაც მე დავიწყე საუბარი. საბანკო ვალებთან დაკავშირებით იუსტიციის მინსიტრთა გვინდოდა შეხვედრა და ვერ მოვახერხეთ. აუქციონების შეჩერებასთან დაკავშირებით გვინდოდა შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და ვერც ეს მოვახერხეთ. ჩუქებებთან დაკავშირებით ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებთან გვინდოდა შეხვედრა და ვერ მოვახერხეთ. „ქართული ოცნების“ კარები დახშულია ჩვენთვის, არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათთან ერთად ცხრა წლის განმავლობაში ბარიკადების ერთ მხარეს ვიბრძოდით. სიმართლე გითხრათ, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ადამიანურადაც გაოგნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენთან თანამშრობლობის ნებისმიერ ფორმაზე უარს ამბობს. სამაგიეროდ, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ საპარლამენტო კაბინეტებიდან ბაქრაძე და ხიდაშელი გაღიმებული სახეებით როგორ გამოდიან ერთად და ერთად განიხილავენ ყველა საკითხს.


თუ შეიძლება თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩვენ ყველა ერთად ბრალს ვდებდით ორგანიზებულ დანაშაულში, მკვლელობებში და კორუფციაში, რა მოხდა და რა შეიცვალა „ქართულ ოცნების“ ლიდერებში ისეთი, რომ დღეს აღარც თავიანთი ყოფილი პარტნიორებისკენ უნდათ გახედვა, არც ამომრჩევლებისკენ და არც საზოგადოებისკენ? რა დაანახა ასეთი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“? ეს მეტამორფოზა ძალიან საშიშია და ამიტომ ვფიქრობ, რომ „თავისუფალი საქართველო“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ერთად უნდა დავეხმაროთ დღეს პრემიერ-მინისტრს იმით, რომ გამოვაფხიზლოთ. თუკი 27 აპრილის არჩევნებში პარლამენტში სამ მანდატს „თავისუფალი საქართველო“, ზოგადად არასაპარლამენტო ოპოზიცია, მოიპოვებს, ეს გამომაფხიზლებელი იქნება დღევანდელი ხელისუფლებისთვის.


გახსოვთ, ალბათ, ბევრმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად დაიწყო, მათ შორის გვახსოვს სააკაშვილი, რომელსაც თავისი მმართველობის პირველი წლების განმავლობაში აბსოლუტური რეიტინგი ჰქონდა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ (ვინც განსხვავებულ აზრზე ვიყავით), არ გვეყო ძალა, რომ ის რეჟიმი იმ თავბრუსდახვევისგან გამოგვეფხიზლებინა, რომელშიც ის თავისი წარმატებების წყალობით იმყოფებოდა. დღეს თუ ქართულ საზოაგდოებას არ უნდა, რომ იგივე შეცდომა დაუშვას და მესიანიზმის ეიფორიაში არ ჩაიხრჩოს პარტია, რომელმაც 1 ოქტომბერს პოლიტიკური პროცესები ძალიან კარგად დაიწყო, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი დახმარება დღეს იქნება, რომ ამ არჩევნებში მხარი დავუჭიროთ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დეპუტატებს, რათა პარლამენტში იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელსაც ყველა საკითხზე შეეძლება განსხვავებული აზრის გამოთქმა.


„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის ერთი, ორი, ან სამი ადამიანი პარლამენტში, რომელიც ნებისმიერ საკითხზე კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევს მას. მე არაფერს ვამბობ ჩემს მიერ გამოგონილს. ეს არის ის, რაც მრავალი ათეული წლის წინ ევროპის წარმატებულმა ქვეყნებმა გამოიგონეს. არ არსებობს დემოკრატია ოპოზიციის გარეშე, ეს არის აქსიომა. ამიტომ ძალიან მაინტერესებს „ქართული ოცნების“ არგუმენტები, როდესაც სამივე ოლქში კანდიდატები დააყენეს, როგორ აპირებენ ისინი ევროპული დემოკრატიის შექმნას, რაც წინასაარჩენო პრიგრამაში უწერიათ, თუკი არ ცნობენ ოპოზიციას, თუკი არ აღიარებენ ოპოზიციის საჭიროებას?!


არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ გქონდათ კონსულტაციები ერთმანეთთან და ხომ არ აპირებთ რაიმე სახის გაერთიანების შექმნას?


- არა, გაერთიანებასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ გვაქვს, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკურ პარტია განსხვავებული ხედვების მატარებელია. საერთოდაც, ჩვენი პარტია განსხვავებული მარტო ჩვენს ხედვებში კი არ ვართ, არამედ იმაშიც, რომ საერთოდ გვაქვს ხედვები. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რასაც საქართველოს პარლამენტში ვხედავ. რა მოხდა ასეთი პირველი ოქტომბრის შემდეგ, რა დიმედროლი დალიეს ასეთი, რომ საერთოდ დაავიწყდათ, როგორი ადამიანები იყვნენ პირველ ოქტომბრამდე?


გახსოვთ, ალბათ, რა ხდებოდა ბათუმში აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით. იქ ყველა პარტიის დროშა ერთმანეთში ირეოდა, ყველა ერთად გამოვდიოდით პროტესტით, ზოგი აქციას მართავდა, ზოგი ასფალტზე წვებოდა და ა.შ. ყველა ერთად ვიყავით და ვამბობდით, ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა. შეიძლება ზოგი დეპუტატი კომფორმისტი გამოდგა, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიჯერებდი, რომ 147 დეპუტატს შორის არ აღმოჩნდა ერთი, რომელიც იტყოდა, რომ ამის გაკეთება დღესაც არ შეიძლება.


ევროპული ქარტიის - რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ, - რატიფიკაციაც შევარდნაძემ და სააკაშვილმაც კი ვერ გაბედეს, იმდენად უარყოფითი იყო საზოგადოებრივი აზრი. დღეს პარლამენტში არ აღმოჩდა არც ერთი დეპუტატი (მათ შორის არც ის დეპუტატები, რომლებსაც ძალიან უყვართ სადღესასწაულო დღებში მართლმადიდებლური და ტრადიციული ეროვნული თემებით სპეკულირება), რომელიც იტყოდა, რომ ამ ქარტიის რატიფიცირება არ შეიძლება. ამიტომ პარლამენტში ჩვენი შესვლა იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ თუ უმრავლესობას „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი დაემატება, ამას ვერ მიხვდება ვერც ერთი საარჩევნო ოლქი და ვერც საქართველო, რადგან ისინი ვერაფერს იტყვიან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობას ლაპარაკის მანდატი არ აქვს. ამიტომ, თუ ქართულ საზოგადოებას უნდა, რომ ვიღაცამ მათი პრობლემატიკა გაახმიანოს, ჩვენი კანდიდატების პრეზენტაციის შემდეგ, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ იმ კანონპროექტების ნუსხას, რომლებსაც „თავისუფალი საქართველოს“ დეპუტატების პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს მაისში წარვუდგენთ განსახილველად. აქ იქნება კანონპროექტები საბანკო ვალებთან დაკავშირებითაც, სამართლიანობის აღდგენის კუთხითაც და ამ ინიციატივებს წარვუდგენთ საზოგადოებას“. 


www.for.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017