პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:35
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
GEWORLD.GE ამერიკამ ყველაზე უკეთ და დეტალურად იცის, თუ ვის რა ბრალი მიუძღვის ხელისუფლებაში
07-12-2012  

ამერიკა-ნატო-ევროპარლამენტის მაღალჩინოსნების განცხადებებსა და «ნაცმოძრაობის» ლოგიკაზე დაყრდნობით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: სტრასბურგის სასამართლო მიკერძოებულია და საქართველოს მიმართ შერჩევით(!) სამართალს ახორციელებს, თანაც 100%-ით! უტყუარი, დოკუმენტირებული ფაქტია ის, რომ სტრასბურგის სასამართლო მხოლოდ(!) «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავს და, მაშასადამე, პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნიშნებიც აშკარად სახეზეა.

 

მერე რა, რომ ყველა, 700-ვე(!), მომჩივანი საქართველოს პრეზიდენტს, მის მინისტრებსა და მაღალი თანამდებობის პირებს უჩივის და არავის სხვას, ეს არაფერს ნიშნავს, არც ის, რომ საჩივრები ხელისუფლების შეცვლამდე, 2012 წლის ოქტომბრამდეა, შესული და ამიტომ პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკიც კი სისულელეა!

 

ეს არც მე(!) და არც ამერიკა-ევროპას არ გვაინტერესებს! მთავარი კრიტერიუმია პასუხი კითხვაზე: არიან მოპასუხენი «ნაცები»? _ არიან! ე. ი. სამართალი შერჩევითია და ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას! მორჩა და გათავდა!

 

სიმართლე გითხრათ, მთლად ასე პირდაპირ ვერ შევბედავ სტრასბურგის სასამართლოს, რაც არ უნდა იყოს, საერთაშორისოა(!), ამიტომ ეტიკეტის დაცვით, დიპლომატიურად გავაფრთხილებ (ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვაფრთხილებენ «მეგობრულად») ნატოს გენერალური მდივნის _ რასმუსენის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის _ შულცის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის _ გორდონის, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის _ ეშტონის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის _ დიმიტროვისა და კიდევ სხვათა სიტყვების დედააზრით, «თუ(!) სასამართლო პროცესები პოლიტიკური ოპონენტების დევნას დაემსგავსება, მთელი სტრასბურგი (საქართველო) გადაიხდის მძიმე საფასურს».

 

ნამდვილად მეგობრულზე მეგობრული რჩევაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ რა ქნან სტრასბურგში, თუკი არანაცებზე ერთი საჩივარიც არ არის მათთან შესული?!

 

რა და, ყველა საქმეზე უნდა გამოიტანონ ერთადერთი განაჩენი, უკანასკნელ ხანებში მოდაში შემოსული, «ნაცების» დამამშვიდებელი ინგლისური სიტყვით გამოხატული – კოჰაბიტაცია! (თანაცხოვრება!). და ამიერიდან, მომჩივანმა და მოპასუხემ,დაზარალებულმა და დამნაშავემ, მკვლელმა და შვილმკვდარმა იცხოვრონ ერთად, მშვიდად და ბედნიერად! «დავივიწყოთ, რაც იყო...». გაუმარჯოს კოჰაბიტაციას! სულ მალე თბილისი სტრასბურგს დაემსგავსება სასამართლოებით, მათაც «ნაცმოძრაობის» უმაღლესი მოხელეების წინააღმდეგ შეტანილი ათასობით სარჩელის განხილვა მოუწევთ მხოლოდ! რას ჰგავს მერე ეს! ამაში უნდა მივბაძოთ დასავლეთს?! რას იტყვის წიკლაური ან მინაშვილი! ისე, ეს ჩვენი ხალხიც როგორი მიკერძოებული ყოფილა, არ მეგონა, ამდენი ბოღმა თუ ჰქონდა გულში დაგროვილი, მაინცადამაინც «ნაცმოძრაობის» მიერ ჩადენილი დანაშაულების, თანაც მთელი ცხრა(!) წლის მანძილზე «ნამოღვაწარის» (მკვლელობების, წამების, დაყაჩაღების, უკანონო დაპატიმრებების, პოლიტიკური დევნის) გამოძიებას ითხოვს. არავის არ წამოცდება ერთი თბილი, «ნაცების» ყურისთვის სასიამოვნო ქრისტიანული სიტყვა: «ვაპატიოთ»! «არა» გვესმის მხოლოდ, ან «გავასამართლოთ», «დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს!». ნამდვილად გადაგვარების წინაშე ვდგავართ! და იმასაც ვერ ვხვდებით, რომ სამართალს ნატოში შესვლა სჯობს ბევრად! რომ, თუ სამართალს თვალს მოვუხუჭავთ, ნატოსთან უფრო ახლოს მივჩოჩდებით!

 

ჰოდა, აბა, იმას როგორღა მივხვდებით, რომ დასავლეთს ხელს არ აძლევს «ქართული ოცნების» მიერ ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულება, ხელს არ აძლევს საქართველოში ჭეშმარიტი სამართლის ზეიმი. მას ისეთი სამართალი ურჩევნია, როგორიც იყო ოქტომბრამდე, სააკაშვილისეული, როცა დასტა-დასტა ყრიდნენ ციხეებში უდანაშაულო ადამიანებს და იქ წამებით ხდიდნენ სულს, ხალხიც იყო დაშინებულ-დაჩმორებული, სამაგიეროდ _ თვინიერი, მორჩილი! ამერიკამ ყველაზე უკეთ და დეტალურად იცის (საელჩოს, დაზვერვის სამსახურის, ხელისუფლებისთვის მიჩენილი მრჩევლების, მის მიერ დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობოების მეშვეობით), თუ ვის რა ბრალი მიუძღვის ხელისუფლებაში, იცის პრეზიდენტის აღიარებითი ჩვენების თაობაზეც აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტასთან დაკავშირებით, არც პრემიერ-მინისტრ ჟვანიას «მოწამვლაა» მისთვის ბურუსით მოცული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიუხედავად სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი სხვა უამრავი ცოდვისა, იგი მაინც ეწინააღმდეგება (ჯერჯერობით, დიპლომატიურად!) დამნაშავეების დასჯას, თავად სააკაშვილისთვის კი, მიუხედავად ქართველი ხალხის საყოველთაო საპროტესტო განწყობისა (შესაბამისი ხელმოწერების შეგროვებისა), პრეზიდენტობის კონსტიტუციური ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. ასე «სამართლიანად» ექცევიან იმ ქვეყნის ხალხს, რომლის ხელისუფლებაც ნატოსკენ მიისწრაფვის და რისთვისაც თავის შვილებს სწირავს შორეული ავღანეთის უცხო მიწაზე! ამერიკა-ევროპამ ისიც შესანიშნავად იცის, რომ მართლმსაჯულების მიერ განუხილავი დანაშაული მხოლოდ «ნაცმოძრაობის» ლიდერებსა და სააკაშვილის ხელისუფლების მოხელეებს აქვთ ჩადენილი. «ნაცების» მხარდამჭერებს, როგორც შინ, ისე გარეთ, ერთი ფაქტიც არ მოეპოვებათ არანაცებისმიერ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულისა! დაუსჯელნი მხოლოდ «ნაცმოძრაობა», მისი წევრები და აქტივისტები არიან! ამიტომ «ნაცებზე» დასაცავად გადაფარებული დასავლეთის შემყურე მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისეთიც კი, რომელიც აქამდე ამერიკას აღმერთებდა და მას დემოკრატიის სიმბოლოდ მიიჩნევდა, დღეს აღშფოთებულია დასავლეთის მიკერძოებული პოზიციით (საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ) და «ნატოს» გაგონებაც არ სურს!

 

ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველა რესპუბლიკის ცკ-ის პირველ მდივანს გასაკონტროლებლად მიჩენილი ჰყავდა მეორე მდივანი, ეროვნებით რუსი, ოფიციალურად მოსკოვის მიერ დანიშნული, რომელიც სისტემატურად ატყობინებდა კრემლს რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების თუ პოლიტიკური კლიმატის ცვლილებების თაობაზე. აი ეს ადამიანებიც კი არ კადრულობდნენ «დამონებული» რესპუბლიკების საშინაო პოლიტიკაში იმ სახით ჩარევას, როგორც ამას დღეს დაუფარავად აკეთებს დემოკრატიული დასავლეთი _ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ლამის ყოველ დაკავებას გაფრთხილება მოსდევს (მეგობრული, ცხადია!), «თუობით» ფორმაში გამოხატული! თუ (მეც «თუობით» ფორმას ვიხმარ!) დასავლეთს არ სურს, რომ ქართველმა ხალხმა ზურგი აქციოს ნატოს, უმართებულო შენიშვნები (ვითომ დიპლომატიის ჩარჩოებში მოქცეული) უნდა დასრულდეს.

 

ამერიკა-ნატო–ევროპარლამენტმა კეთილი ინებონ და მოავლინონ ჯგუფი კომპეტენტური პირებისა (ამის ნება დართო მათ საქართველოს პრემიერმა, თუმცა სრული უფლება ჰქონდა, ეს შეთავაზება არ გაეკეთებინა) საქართველოს პროკურატურაში შეტანილი სარჩელებისა და ადრესატების(!) გასაცნობად, აღძრული საქმეების მართლზომიერების შესაფასებლად, ბრალდების წაყენების და გამოძიების პროცესზე დასაკვირვებლად, რათა თავიანთი თვალით ნახონ და დარწმუნდნენ, თუ როგორი მართლმსაჯულებაა საქართველოში დაწყებული 2012 წლის ოქტომბრიდან, და შეადარონ ის ოქტომბრამდე არსებულს. დააკვირდნენ იმასაც, წავა თუ არა სტრასბურგში ყოველთვიურად 10-12 საქმე უკმაყოფილო მომჩივნებისა, ისევე, როგორც აქამდე ხდებოდა და, თუ აღმოჩნდება, რომ 99,99% ადამიანებისა «ნაცმოძრაობის» ლიდერებს ან მათი გუნდის წევრებს უჩივიან მხოლოდ, მაშინ ეს უკვე «ნაცმოძრაობის» პრობლემა იქნება, თანაც დიდი, რადგან აუცილებლად დადგება მისი, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის, ყოფნა-არყოფნის საკითხი!

 

ამერიკა-ევროპას თუ ობიექტური არბიტრობა სურს, ამ გზით უნდა გაარკვიოს მტყუან-მართალი, უნდა შეეშვას «ნაცების» გათეთრებას და შეწყვიტოს საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის «პოლიტიკურ დევნაზე» დაუმსახურებელი შენიშვნების მიცემა! ვინც რა უნდა თქვას, თეთრი და შავი მაინც გამოჩნდება... სასამართლოში!

 

იაკობ ლეჟავა

 

P.S. ისე, ზოგიერთებს საქართველოში – დეპუტატებს, ჟურნალისტებს მართლა შერჩევითი სამართლის განხორციელება სურთ! აბა, როდის აქეთ გახდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა (ლამის, პერმანენტული, დაწყებული 2008 წლიდან!) კანონიერი და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადადგომის მოთხოვნა უკანონო? ხალხის მოთხოვნა ყოველთვის კანონიერია, მიუხედავად იმისა, თუ ვის გადადგომას ითხოვს ის. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელშეუხებელი თანამდებობა (მოსამართლის ჩათვლით!) არ არსებობს! ხალხის მასობრივი(!) უკმაყოფილება საკმარისია მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ხელისუფლების არათანმიმდევრულობის, გნებავთ, სისუსტის მაჩვენებელია, როცა პროტესტის გამომხატველ ხალხს ერთი თუ ორი უღირსი მოხელის გადასაყენებლად შიმშილობის დაწყება უხდება. გადამდგარ პირებს არავინ უზღუდავს უფლებებს და, თუ ხელახალ, ვადამდელ და გაუყალბებელ(!) არჩევნებში მოსახლეობის უმეტესობა კვლავ მათ დაუჭერს მხარს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება იგივე მოთხოვნები უკანონოდ!


www.geworld.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017