პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:00
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERIONI.COM.GE როგორ გადავარჩინოთ ქართული სულიერება და მენტალობა?
07-12-2012  

მართლაც პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ _  „ქართული ოცნება“ უმრავლესობაით მოვიდა პარლამენტში. მართალია, არა იმ უპირატესობით, რაც რეალობასთან ახლოს იქნებოდა, ხოლო „ნაცმოძრაობა“ 40%-იან უმცირესობაში, რაც ასევე არ ასახავს რეალობას. სიტუაციის პარადოქსულობა კი იმაშია, რომ მიუხედავად ოპოზიციის მაღალი პროცენტით არსებობისა, რეალურად არ მიმდინარეობს ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპონირება, რაც ნებისმიერი საზოგადოების წინსვლის საწინდარია!


საუბედუროდ, ასეთი რამ - ჯანსაღი ოპონირება, კამათი, არც მომავალში იქნება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცბანდის“ „მოღვაწეობა“ პარლამენტსა თუ მის გარეთ, მხოლოდ რევანშისტული ქმედებებია. არამედ იმიტომაც, რომ საპარლამენტო ოპოზიციას გაზის თუ დენის ტარიფებზე, ერთი სიტყვით, სოციალურ თემატიკაზე პოპულისტური ვაი-ვიშის გარდა, მათ, ერთმანეთთან სხვა, იდეოლოგიური საფანელის მქონე საკამათო არაფერი, ან თითქმის არაფერი აქვთ.


„მათი მთავარი საპროგრამო დებულებები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივენი ნატოს ეტრფიან, ორივენი ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ, ორივე ლიბერალური დემოკრატიის ხიბლშია, მეტ-ნაკლები ლიბერტარიანელობით“ _ როგორც იტყვიან, ორივე ხელით ვეთანხმები ნანა დევდარიანის შეფასებებს...


აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რატომ ცდილობდა და დღესაც ცდილობს აშშ, რადაც უნდა დაუჯდეს, როგორმე შეინარჩუნოს პარლამენტში მათივე „გამოწერილი“ „ნაცბანდის“ 40 % _ საკუთარი სახის შენარჩუნებას ცდილობენ? ალბათ, არც ასეთი „ლირიული“ თემის გამორიცხვა შეიძლება. თუმცა მთავარი მიზანი ამერიკელებისა, ერთობ პროზაულ-პრაგმატულია _ „მეოცნებეები“ გაიმარჯვებენ თუ „ნაცების“ რევანში შედგება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იგივე დარჩება _ ნატო, ნატოს უტოპიური ძახილი, რაც საკუთარი ხალხის „დაბოლებაა“, რეალურად კი, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გეოსტრატეგიული გავლენების შენარჩუნება-გაძლიერება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი „მთავარი სტრატეგიული მოკავშირისთვის“, ქართული საზარბაზნე ხორცი არ მოაკლდებათ ავღანეთში!


აქედან გამომდინარე, იმ ზემოთ თქმული, „რადაც არ უნდა დაუჯდეთიდან“ იყო, რომ ამერიკის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, როლანდ ახალაიას დასაცავად ჩაბრძანდა ზუგდიდში _ რომ არა ამერიკის ადმინისტრაციის სისხლხორცეული დაინტერესება, როგორმე უზრუნველეყოთ „ნაცბანდის“ სოლოდური წარმომადგენლობა პარლამენტში, სხვაგან სადმე გინახავთ, რომ აშშ-ს ელჩები საარჩევნო უბნებზე დადიოდნენ?


 ამ და სხვა ქმედებების გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფრანგულ „ფიგაროსა“ და ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“ ლამის ერთდროულად გამოქვეყნდა ცალსახად „ქართული ოცნების“ განმაქიქებელი სტატიების სერია, დიახაც იმ ფასად დაუჯდათ ჩვენს „მეგობრებს“, რომ ქართველი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში თუკი რამ იყო დარჩენილი პროამერიკულ-დასავლური ისიც ჩაკვდა. რადგანაც, გოკა გაბაშვილის „მახვილგონიერების“ მიუხედავად, „ასავალ-დასავალში“ ნამდვილად არ გვერევა „ფიგარო“ თუ „ვაშინგტონ პოსტი“ და ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ მსგავს ავტორიტეტულ გამოცემებში დაბეჭდილი სარედაქციო წერილები, ევროპა-ამერიკის კონკრეტული, გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური ძალების ხედვაა და არა მხოლოდ სააკაშვილის ლობისტების უსაგნო ბჟუტური!..


ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პირველად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საკადრისი მკვეთრი პასუხი გასცა დასავლეთის ამ მედიაგამოხდომას (წერონ და იკითხონ დასავლეთში, საქართველოს ჰყავს მთავრობა და ის, როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე იმოქმედებს _ ციტირება არა, მაგრამ შინაარსით ეს ბრძანა ბატონმა ბიძინამ), რაც ქართველმა საზოგადოებამ დაუფარავი კმაყოფილებით მიიღო, რადგანაც ის წერილები, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა იყო და მხოლოდ შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიმართ „დაუკრეფავში გადასვლა“...


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა ეროვნული ალტერნატიული ძალის აუცილებლობა და არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით.


 სასწრაფოდ არის შესაქმნელი ახალი, პირველ რიგში, ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებების დამცველი პოლიტიკური პარტია, რომელიც ჯერჯერობით პარლამენტს გარეთ იმოქმედებს და ვადიან თუ ვადამდელ არჩევნებზე საკუთარ თავს, რაც უმთავრესია, ახალ სახეებს შესთავაზებს ამომრჩეველს, როგორც არსებული ხელისუფლებისა თუ ოპოზიციისგან  შინაარსობრივ-იდეოლოგიურად განსხვავებულ ალტერნეტივას; 


იგივე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ეროვნული ფასეულობების დამცველი მედიაც და აქაც ახალი სახეები უნდა წარმოჩინდეს იმ გაგებით, რომ მოყირჭებული პოლიტიკური „ფეისების“ მსგავსად, საზოგადოებას მედიასახეებიც მობეზრდა. გვარებს არ დავასახელებ, რადგან საზოგადოება ელემენტარულად ტელევიზორის ჩართვითაც მიხვდება, ვისზეა საუბარი _ დღე ერთია და სხვადასხვა თოქ-შოუებში ერთი და იგივე მედიაექსპერტები, ჟურნალისტები თუ პოლიტოლოგები, „ჩამოტარებით“ არიან „მაესტრო-კავკასია-მეცხრე არხზე“. თითქოს მათ გარდა აღარავინ ვიყოთ ( დიახ, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, სწორედაც, რომ „ვიყოთ“, ქართულ მედიასივრცეში).


 იგივე უნდა გაკეთდეს, ე.წ. არასამთავრობო სექტორში _ ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს, ქართველი ერის, საქართველოში ყველა ეროვნების უფლებებს დაიცავს, ვისაც ეს ქვეყანა საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და არა მუქთა საძოვრად და არა ისე, როგორც მიგვაჩვიეს დასავლეთიდან, მხოლოდ ხლისტების (სექტანტების) და სექსუალური უმცორესობების უფლებებს რომ იცავენ _ უმრავლესობის უფლებებიც არსებობს ამ ქვეყნად, უმრავლესობის, რომელთა უფლებებიც უფრო ხშირად ირღვევა, ვიდრე უმცირესობებისა!


ამ მიმართებით პირველი სასიკეთო ძვრა უკვე სახეზეა _ ბატონ რეზო ამაშუკელის თაოსნობით და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკვე დარეგისტრირდა საერთო სახალხო მოძრაობა „ლაზარე“, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი ქართული, მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა და პროპაგანდაა!


რაც შეეხება „საერთო-სახალხობას“, „ლაზარე“ ამ მხრივ მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირებულად არ დარჩება, რის იმედსაც ის იძლევა, რომ მიუხედავად რეკლამის საერთოდ არარსებობისა, ინფორმაციამ „გაჟონა“ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან თუ საზღვარგარეთიდან, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა ზარები არ წყდება. („ლაზარეს“ პირველი შეკრება ა.წ. 7 დეკემბერეს, 18 საათზე, საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის დარბაზში შედგება!).


და ბოლოს, ხსენებულ ახალ პარტიაში თუ გაერთიანებაში, ახალ სახეებთან ერთად, ერთი მთავარი პირობა უნდა არსებობდეს _ ვინც, არა თუ წევრი ყოფილა, „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ახლოსაც კი გაუვლია, ამ ხალხის ადგილი არ უნდა იყოს ახალ ეროვნულ ალტერნატივაში, რადგან„თავისუფლების ინსტიტუტია“ ის სატანისტური სექტა, სადაც იშვება და გენერირდება, ყოველივე ანტი-ქართული, ანტი-ეროვნული და სხვათა შორის, პარლამენტშიც ბლომად არიან ამ ორგანიზაციაში გამოზრდილ-დაფრთიანებული წიწილები!..


მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს სასურველ შედეგს, თუ შეიძლება ითქვას ეროვნული ალტერნატივის ტრიუმვირატი (პოლიტიკური პარტია, ეროვნული მედია და ეროვნული არასამთავრობოები), თუ მათი ძალისხმევა გაერთიანდება.


რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფინანსების გარეშე არ გამოვა და რადგანაც ჯორჯ სოროსი ერთსქესიანი ქორწინებების მოწინააღმდეგე პარტიებსა თუ სხვა გაერთიანებებს არ დაგვიფინანსებს, ის დროა, რომ ქართველმა ბიზნესმენებმაც თქვან სიტყვა _ ვისაც ქართულად უძგერთ გული, ჯიბეზეც ხელი გაიკრან და ქართული სულიერების, მენტალობის გადარჩენის საქმეს მცირედით შეეწიონ...


დავით მხეიძე

 







უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017