პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:31
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
SAQINFORM.GE ანდრეი ეპიფანცევი: საქართველოს ახალ მთავრობას ყველაფრის შეცვლა უნდა არაფრის შეუცვლელად
06-12-2012  

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ჟურნალისტი მოსკოვში ცნობილ რუს პოლიტოლოგსა და ჟურნალისტ ანდრეი ეპიფანცევს შეხვდა, რომელმაც საქინფორმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოშორის ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

– ბატონო ანდრეი, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა. როგორ შეაფასებთ ქვეყანაში 1 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს?

– 1 ოქტომბრის შემდგომ ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე პროცესზე შეიძლება ვისაუბროთ. პირველი – ეს არის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, მეორე – ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, რომლებიც ვითარდება მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი თანამოაზრეების მიმართ. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ პოზიცია ჯერჯერობით არაერთგვაროვანია. სრულიად გასაგებია, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში დიდი პოპულისტური ლოზუნგებით მოვიდა. ლოზუნგები კარგია მაშინ, როდესაც ძალაუფლების ხელში ასაღებად ემზადები, ხოლო მას შემდეგ, რაც გიწევს ამ დაპირებების შესრულება, არც ისე კარგია. დღეს „ქართული ოცნების“ წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას და გაუგებარია, როგორ აპირებენ ისინი ამ საკითხების მოგვარებას. ეს ეხება ეკონომიკურ ბლოკსაც. გაუგებარია, სად აპირებს ივანიშვილი იმ თანხების მოძიებას, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ა.შ. პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ის სხვადასხვა პროგრამას საკუთარი ფულით დააფინანსებდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და გაურკვეველია, მიიღო თუ არა ივანიშვილმა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საქართველომ საგარეო ვალებიც უნდა გაისტუმროს – საიდან უნდა მოხდეს ამ თანხების გადახდა? ქვეყანაში ინვესტიციები არცთუ ისე ბევრია. რაც გასაყიდი იყო, უკვე ყველაფერი გაყიდულია.  საქართველო სხვადასხვა ევროპული დემოკრატიული ქვეყნის ნაბიჯებს იმეორებს, როდესაც მთავრობა იწყებს ეკონომიკაზე ფოკუსირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ართმევ ფულს სოციალურ სფეროს. ასეთ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს. ჩემი აზრით, ერთი ან ორი წლის შემდეგ „მეოცნებეებს“ შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარებაც.

– როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებებს?

– ამ დაპატიმრებებს რეპრესიებს ვერ ვუწოდებ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იგი წინა ხელისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენს. ივანიშვილი ეცდება, ჩაახშოს „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილმა კი უნდა აჩვენოს, რომ ეს დაკავებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. არსებობს  „მესამე ძალაც“, რომელიც ერთგვარ „მსაჯს“ წარმოადგენს და მას ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია. აშშ-ის ინტერესებში არ არის, რომ ეს რეპრესიები ძალიან მკაცრად გატარდეს, რადგან ერთი ძალაც და მეორეც ამერიკელების ინტერესებს ემსახურებიან.

– საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენად შესაძლებელია რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობა და იკვეთება თუ არა ამ კუთხით რაიმე სახის ტენდენციები. როგორ აფასებთ ზურაბ აბაშიძის დანიშვნას სპეციალურ წარმომადგენლად?

– თუკი ივანიშვილისთვის ზურაბ აბაშიძის სპეციალურ წარმომადგენლად  დანიშვნა დიპლომატიურ პროექტს წარმოადგენს, რუსეთისთვის ეს ჩვეულებრივი ვაჭრობაა. მოლაპარაკებების დასაწყებად ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩო, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის და არსებობს კომუნიკაციის სხვა გზებიც. ამისათვის ზურაბ აბაშიძე არ არის საჭირო.

რუსეთი და საქართველო წლების განმავლობაში ერთმანეთს ძალიან დაშორდა. სააკაშვილი მიზანმიმართულად ახდენდა საქართველოს ჩამოშორებას რუსეთისგან. რუსეთმაც გადადგა ნაბიჯები ამ კუთხით და დღეს ყველაფრის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება არ მოხდება. როცა საქართველო რუსეთს დაშორდა, აზერბაიჯანსა და თურქეთს დაუახლოვდა. დღეს სახეზეა ერთგვარი ბლოკი – ერთი მხრივ, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო მეორე მხრივ – რუსეთი, სომხეთი და ირანი. უკან დაბრუნება შეუძლებელია. ყველა ნაბიჯი, რომელთაც საქართველო გადადგამს, სხვა მხრიდან ვალდებულებების მიღებას გამოიწვევს.

საქართველოს სურს, შეცვალოს ყველაფერი ისე, რომ არაფერი გააკეთოს. ისინი ამბობენ, რომ სურთ მეგობრობა რუსეთთან და, ამავე დროს, ქვეყანა ისწრაფვის ნატოში ინტეგრაციისკენ.

– ბატონო ანდრეი, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია?

– არსებულ პირობებში ამის მიღწევა შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია ის, რომ ნატომ უარი უთხრას საქართველოს ბლოკში მიღებაზე.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მოლოდინში ყოფნა სერიოზული ბერკეტია რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. ასეთ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, „სიკვდილის მოლოდინი უფრო ცუდია, ვიდრე თავად სიკვდილი“. საქართველო ბლოკში რომ მიეღოთ, იქნებ, ეს უკეთესიც კი ყოფილიყო. რუსეთი დიდი ხანია, ცხოვრობს და ისწავლა ნატოს მეზობლად ყოფნა. მე არ ვარ პოლიტიკოსი და შემიძლია ისეთი რამის თქმა, რასაც ოფიციალური პირები არ ამბობენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს თავისი ისტორიული, გეოგრაფიული, პოლიტიკური თუ ნათესაური რუსული ფესვებით, უბრალოდ, ბადალი არ ჰყავს. რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციას, საქართველოსთვის ეს ნაბიჯი შესაძლოა, უფსკრულში გადაჩეხვის ტოლფასი გახდეს. მე ვეწინააღმდეგები ამ პროცესს, ეს დააზარალებს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ინტერესებს. ხშირად ვეკითხები ჩემს სტუდენტებს – რა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო იქნებოდა ნატოს წევრი? მე არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი. ალბათ, ბირთვული რაკეტები არ გამოემართებოდა საქართველოსკენ, მაგრამ ძალიან ცუდი იქნებოდა, თუ ნატო და რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს განახორციელებდნენ.

– დავუბრუნდები წინა შეკითხვას, იქნებ გვითხრათ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსულ-ქართული ურთიერთობების დასარეგულირებლად და რას ურჩევდით საქართველოს ახალ ხელისუფლებას?

– ჩვენ სხვადასხვა პოზიციიდან ვუყურებთ ამ საკითხს. თუკი საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პირველ საფეხურად ეკონომიკა განიხილება, ეს რუსეთისთვის ურთიერთობების მოგვარების ბოლო თემაა. ამიტომაც ჩვენი პოზიციები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რუსეთს სურს, საქართველომ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები.

ის, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, კარგია (მათ შორის, ივანიშვილის მთავრობის მიერ ოლიმპიადასთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთება). გარდა ამისა, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, გადააადგილოს სამხედრო ტვირთი სომხეთის ბაზის მიმართულებით. ამ შემთხვევაში საქართველოს ახალი ხელისუფლება დიდი დილემის წინაშეა. თუ სარკინიგზო მიმოსვლა არ აღდგება, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება და, შესაბამისად, ვერ შესრულდება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებაც. ხოლო თუ სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, შესაძლოა, ამან აზერბაიჯანთან პრობლემები გამოიწვიოს. ადვილი შესაძლებელია, ეს ნაბიჯი საქართველოს ძვირად დაუჯდეს.

მნიშვნელოვანია ტელეკომპანია „პიკის“ საკითხიც. იგი გადაეცა კერძო ინვესტორებს, მაგრამ მისი ბედი ჯერჯერობით უცნობია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ რუსულენოვან ტელეკომპანიას მხოლოდ ფორმატს შევუცვლიდი.

რაც შეეხება ოკუპაციის მუზეუმს, არ არის საჭირო მისი დახურვა. გულბაათ რცხილაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით კარგი იდეა ჰქონდა – გავხსნათ რუსულ-ქართული ურთიერთობების მუზეუმი და პატიოსნად ვაჩვენოთ საზოგადოებას კარგიც და ცუდიცო. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საქართველოს მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაც. ჩემი აზრით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ საკითხს უნდა გადახედოს.

– ბატონო ანდრეი, როგორ ფიქრობთ, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი?

– ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნება და ეს გადაფარავს ყველა სხვა საკითხს.

– სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ბატონმა თიბილოვმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მომავალს  რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებაში ხედავს. რამდენად შესაძლებელია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის შემადგენელ ნაწილად ვიხილოთ?

– შეცდომაა, როდესაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ერთნაირად ვსაუბრობთ. იქ სრულიად სხვადასხვა ვითარებაა. სამხრეთ ოსეთს სურს რუსეთთან ინტეგრაცია, მაგრამ ეს შეუძლებელია. არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო პასუხისმგებლობა. რაც შეეხება აფხაზეთს,  ის თავიდანვე აშენებდა საკუთარ – აფხაზურ პროექტს. ეს არ არის ქვეყნის პროექტი, იგი წარმოადგენს ეთნიკურ მოდელს. აფხაზეთი ყოველმხრივ დამოკიდებულია რუსეთზე, ამავე დროს, სურს, იყოს თანაბარუფლებიანი პარტნიორი. ასეთი რამ არ ხდება. თუ ამის მიღწევა სურთ, მაშინ უნდა განავითარონ ეკონომიკა. აფხაზეთში დღემდე არ მომხდარა მიწების რეესტრში აღრიცხვა, მაშინ ხომ გახდებოდა ცნობილი, ვინ ვის მოჰპარა სახლი?!

გასულ კვირას მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის თემაც რუსულ-აფხაზური ეკონომიკური ურთიერთობები იყო. აფხაზებს სურთ, რომ  რუსეთისგან მიიღონ ინვესტიციები მაშინ, როცა აფხაზური კანონები არ უზრუნველყოფს ბიზნესის განვითარებას. მეტიც, ქვეყანაში კრიმინალური ვითარებაა და არ არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს. აფხაზური ეთნოსი დომინირებს. კონსტიტუციაშიც კი არის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს ეროვნებით აფხაზი – ეს შუა საუკუნეების მიდგომაა. ისინი იმეორებენ მე-19 საუკუნის საკუთარ შეცდომებს, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ჩაკეტილად დიდხანს ვერ იცხოვრებენ.

– დღეს რა წარმოადგენს რუსეთის მთავარ ინტერესს კავკასიაში და რამდენად თავსებადია იგი რეგიონის ქვეყნების ინტერესებთან?

– რუსეთს სურს მშვიდობიანი კავკასია და რეგიონში შემავალ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, თუმცა დიამეტრალურად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ინტერესებიდან გამომდინარე, ამის მიღწევა ძალიან რთულია.

თუ ჩვენ ურთიერთობების გაუმჯობესება გვინდა, ამისათვის დიდი სამუშაოუნდა გავწიოთ. უეცრად არაფერი იცვლება.  ჩვენ ერთად თანაცხოვრება ხელახლა უნდა ვისწავლოთ და ერთმანეთის მიმართ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები.

ესაუბრა ნატალია წერეთელი

მოსკოვი, 2012 წლის 28 ნოემბერი

საქინფორმი

წყარო/Source:www.saqinformi.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017