პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:23:32
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
AMBEBI.GE სააკაშვილის "გაუთვალისწინებელი ხარჯები"
03-12-2012  

1 264 743 ლარი ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზებისთვის, 1 202 566 ლარი მესტიაში თამარ მეფის ქანდაკებისთვის, 1 125 000 ლარი სპექტაკლისთვის "ქეთო და კოტე", 3 მილიონი ლარი ანაკლიის ახალი ბულვარის გაშენებისთვის, 638 216 ლარი საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და რეკომენდაციის შემუშავებისთვის, 372 000 ლარი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის საზღვარგარეთ კონცერტების ორგანიზებისთვის - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2011 წელსა და 2012 წლის 9 თვის განმავლობაში დაფინანსდა.

იყო თუ არა აუცილებელი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ასეთი პროექტების დაფინანსება, ერთია. იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, მთავარი ისაა, რომ პიარ-კამპანიებსა და სხვა ღონისძიებებზე გახარჯული თანხა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ უკვე საგანგებო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში, სარეზერვო ფონდებში საკმარისი ფული აღარ იყო.

პიარისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტების თქმით კი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა კამპანიებზე დახარჯულმა თანხამ შედეგი მხოლოდ ყოფილ ხელისუფლებას მოუტანა და მას ქვეყნის იმიჯზე რეალური გავლენა არ მოუხდენია. 

"მთელი კვირა" შეეცადა გაერკვია, თუ რატომ გახდა აუცილებელი ასეთი პროექტების პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება, თუმცა ჩვენს ზარებს პრეზიდენტის პრესსამსახურში არ უპასუხეს. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯები

2011 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 49 289.6 ათასი ლარი, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა - 49 022.6 ათასი ლარი შეადგინა.

"მთელი კვირა" პრეზიდენტის 2011 წლის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მცირე ჩამონათვალს გთავაზობთ. გაირკვა, რომ 2011 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძირითადად ერთჯერადი ფინანსური დახმარებები აქვს გაცემული და ისიც ფიზიკური პირებისთვის ამა თუ იმ ნივთის, მათ შორის, კომპიუტერის შესაძენად. ამასთან, ადმინისტრაციის მიერ გაცემულია ერთჯერადი დახმარებები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.

2011 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისთვის სულ 18 201 669 ლარი გამოიყო. თანხის დიდი ნაწილის მიზნობრიობა გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ამ თანხის მცირედი ნაწილის ხარჯვის მიზანი, რომელიც, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, უშიშროების საბჭოს აპარატში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისათვის და აპარატის შეუფერხებელი ფუნქციობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად გამოიყო. 

საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობისა და ინვესტირების ამსახველი სარეკლამო ბანერების თბილისის მასშტაბით განთავსებისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა ორჯერ - 25 მაისსა და 21 ივნისს გამოიყო. აღნიშნული ღონისძიებისთვის ქვეყნის პირველი პირის სარეზერვო ფონდიდან 387 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მესტიაში პროექტ "უკრაინული ახალი წელი საქართველოში" გასამართად 66 156 ლარი გადაეცა, ბათუმის შესახებ მუსიკალური ვიდეო-კლიპის "ბესამე მუჩოს" შესაქმნელად - 56 000 ლარი. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა საქველმოქმედო ფონდი "ხელოვანები თანადგომისათვის", ამისთვის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოიყო. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს 372 000 ლარი მხოლოდ იმისთვის გამოეყო, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში ვახტანგ კიკაბიძის კონცერტების ორგანიზება მოეხდინა. 2011 წლის 12 აპრილის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ქალაქებში: ლონდონში, ტალინში, ვილნიუსში, ხარკოვსა და კიშინოვში კიკაბიძის კონცერტების ორგანიზებისთვის გამოიყოს 192 000 ლარი, ამავე წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით კი რომში, სალონიკსა და მადრიდში კიკაბიძის კონცერტების ორგანიზება 180 000 ლარით დაფინანსდა. 

200 686 ლარი დაუჯდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს სსიპ "ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის" საკონცერტო დარბაზის მთავარი ჭაღის დამზადება. ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზებისათვის კი პრეზიდენტის ფონდიდან თანხა სამჯერ გამოიყო, პირველად 816 240, მეორედ 250 410 და მესამედ 198 084 ლარი, სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სტინგისა და ბოტის კონცერტი 1 264 743 ლარი დაიხარჯა. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ გამოიყო თანხა 2011 წლის თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზებისთვის: პირველად 125 000, მეორედ კი - 40 000 ლარი. სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზება 165 000 ლარი დაუჯდა. 

71 895 ლარი გამოიყო 2011 წლის 23-26 მაისს ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის დღეების ორგანიზებისთვის.

2011 წელს 90 000 ლარით დაფინანსდა გაზეთები "ვრასტანი" და "გურჯისტანი", რუსეთის რეგიონალური მედიის წარმომადგენლების ვიზიტისთვის კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 24 988 ლარი გამოიყო. 

პრეზიდენტის 2011 წლის 12 აგვისტოს განკარგულებით, 1 202 566 ლარი გამოიყო დაბა მესტიაში თამარ მეფის ქანდაკების დადგმისთვის. გარდა ამისა, 133 595 ლარი დაჯდა თბილისში რიყეზე დადგმული აშშ-ის პრეზიდენტ როლანდ რეიგანის ქანდაკება. 

პრეზიდენტის 2011 წლის 16 აგვისტოს განკარგულებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საოპერო სპექტაკლის "ქეთო და კოტეს" დადგმის რაოდენობის გაზრდისთვის 800 000 ლარი გამოიყო, 130 000 ლარი კი აღნიშნული სპექტაკლის დამატებითი წარმოდგენების გასამართად დაიხარჯა. პრეზიდენტის 2011 წლის 16 სექტემბრის განკარგულებით კი "ქეთო და კოტეს" დამატებითი წარმოდგენების გასამართად კიდევ 195 000 ლარი გამოიყო. სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს სპექტაკლი "ქეთო და კოტე" 1 125 000 ლარი დაუჯდა. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარი გამოიყო 2011 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი მომღერლის ლელა წურწუმიას შემოქმედებითი მოღვაწეობის 17 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზებისთვის.

ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ანაკლიის სანაპირო ზოლზე ბულვარის აშენებისთვის კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯერ ერთი მილიონი, შემდგომ კი 2 მილიონი ლარი გამოყო. 

რაც შეეხება 2012 წლის 9 თვეს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 40 984.0 ათასი ლარი, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა - 39 226.0 ათასი ლარი. 

2012 წლის პრეზიდენტის 13 იანვრის განკარგულების თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის გამოიყო 380 416 ლარი, ამავე მიზნისთვის პრეზიდენტის ფონდიდან თანხა 1-ელ თებერვლის განკარგულების შესაბამისადაც გამოიყო და მაშინ მისმა მოცულობამ 187 000 ლარი შეადგინა. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევის დაფინანსებისთვის პრეზიდენტმა სააკაშვილმა მორიგი განკარგულება 1-ელ ივლისსაც გამოსცა და ფონდიდან აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად 70 800 ლარი გამოყო. სულ საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან მიმდინარე წელს 638 216 ლარი დაიხარჯა. 

2012 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 227 000 ლარით დაფინანსდა ცენტრალური საარჩევნო კომისია. 600 000 ლარი გამოიყო ლაზიკაში დაგეგმილი ღონისძიების უზრუნველსაყოფად. 

ასევე საინტერესოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 6 ივნისის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 102 450 ლარი "ბრენდ ნიუ ჯორჯიას" შესახებ საქართველოს მოსახლეობისა და საქართველოში ჩამოსული ინვესტორების ინფორმირების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი სარეკლამო ზედაპირების (შენობების შესაფუთი პლაკატების) დამზადებისა და საქართველოს მასშტაბით განთავსებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით". 

როგორც აღნიშნული განკარგულებიდან ირკვევა, 102 450 ლარი დაიხარჯა 26 მაისის აღლუმისთვის თბილისში პარლამენტის შენობაზე ჟურნალ "მარკ"-ის 37 ნომრის ამსახველი პლაკატის დამზადებასა და განთავსებაზე. ამასთან, პლაკატზე შენარჩუნებული იყო სლოგანი "სააკაშვილი აღაშენებს ქვეყანას". 

25 ივლისის ბრძანებით 82 000 ლარი გამოიყო საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული ობიექტების ამსახველი საილუსტრაციო მასალის შემცვლელი სარეკლამო ბანერების დამზადებისა და განთავსებისათვის. 

2011 წლის ანალოგიურად საქველმოქმედო ფონდი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა საქველმოქმედო ფონდი "ხელოვანები თანადგომისათვის", - ამჯერადაც თანხამ 300 000 ლარი შეადგინა. 90 000 ლარით დაფინანსდნენ გაზეთები "ვრასტანი" და "გურჯისტანი". პრეზიდენტის 2012 წლის 21 მაისის განკარგულებით 450 000 ლარი გამოიყო ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების უზრუნველსაყოფად. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ივლისიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან აქტიურად დაიწყო თანხების რეგიონებისთვის გამოყოფა. პრეზიდენტის განკარგულებებში ვკითხულობთ, რომ ფონდიდან თითქმის ყველა თვითმმართველ ორგანოს გადაეცა თანხა და ამ ფულის მიზნობრიობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იყო. საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის გადასახდელებისთვის, სადაც ძირითადად მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება შედის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2012 წლის 9 თვის განმავლობაში სულ 30 460 000 ლარი გამოიყო. 

რაც შეეხება კატეგორიას სხვადასხვა ღონისძიებები, ამ კატეგორიაში პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა, ფიზიკური პირისთვის ლეპტოპის შეძენა - 795 ლარი, სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურების ტრანსპორტირება - 279 439 ლარი, ფიზიკური პირის ფინანსური დახმარება, თვეში 1000 ლარი (12 000 ლარი), შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება - 30 000 ლარი, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების უზრუნველყოფა 50 000 ლარი, 10-17 მაისის ველოტური - 185 000 ლარი, მსუბუქი ავტომანქანის შეძენა - 97 500 ლარი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი, სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევის და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ოფისის რემონტი - 150 000 ლარი. 

საგარეო ურთიერთობებისთვის გადახდილი თანხები კი ასე ნაწილდება: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შტატგარეშე მოსამსახურის შრომითი ანაზღაურებაზე - 22 356 ევროს ეკვივალენტი ლარებში, ასევე, 1-8 აპრილს გაეროში აფრიკის ქვეყნების და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი 205 ათასი ლარი, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეოცე წლისთავის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში - 250 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში. გაეროში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გაეროს სამდივნოს წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში - 283 300 ლარი. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და კანონი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2004 წელს შეიქმნა და დღემდე ფონდების საქმიანობას "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 28-ე მუხლი განსაზღვრავს. 2005 წლამდე კანონში ეწერა: "საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები". თუმცა, 2005 წელს დამტკიცებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, პრეზიდენტს და მთავრობას საშუალება მისცა, დააფინანსონ "გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯები". კონკრეტულად რა შედის "გაუთვალისწინებელ სახელმწიფო ხარჯებში", ამას კანონი არ განმარტავს. 

თუმცა, მას შემდეგ სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა. იურისტების თქმით, ეს ცვლილებები ყოველთვის მიმართული იყო ფონდების დაფინანსების არეალის გაფართოებისკენ და ამცირებდა მათ ანგარიშვალდებულებას. თანდათან გაუქმდა სარეზერვო ფონდების კონტროლის თითქმის ყველა მექანიზმი. 

2006 წლიდან სავალდებულო აღარ არის პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების კვარტალური ანგარიშების პარლამენტისთვის წარდგენა. ამავე წელს შევიდა ცვლილებები "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში, რითაც დადგინდა, რომ ეს კანონი აღარ გავრცელდებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განსახორციელებელ შესყიდვებზე. ამით პრეზიდენტს შესაძლებლობა მიეცა, თანხის ოდენობის მიუხედავად, საკუთარი სურვილისამებრ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა, რა შეესყიდა ფონდის თანხებით. 

2009 წლის 18 დეკემბერს პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო კოდექსის დამტკიცებით, საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების მოქმედების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, თუ ის არ აღემატება 100 ათას ლარს. ხოლო პრეზიდენტს მსგავსი შეზღუდვაც კი არ აქვს.

შესაბამისად, იურისტების შეფასებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, გაზრდილი მოცულობითა და თავისუფალი დანიშნულებით, ფაქტობრივად, კონტროლის მექანიზმის გარეშე დარჩა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, მათ შორის, კონცერტების გამართვისთვის თანხების ხარჯვა კანონს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ, მისივე თქმით, თუ ამ ყველაფრის ეფექტიანობის გაზომვაზე მიდგება საქმე, მივიღებთ იმას, რომ საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან. 

"თავის დროზე, როდესაც საბიუჯეტო წესრიგის დამყარება გადაწყდა, კანონმდებლობაში მკაფიოდ გაიწერა, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სარეზერვო ფონდები. როგორც იცით, პირველად შეიქმნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, შემდეგ კი მთავრობისა და თბილისის სარეზერვო ფონდები. მაგრამ, ესეც არ იყო საკმარისი, საჭირო იყო თავისუფლება, რასაც მოჰყვა კანონში ცვლილებები და შესაბამისად კანონში ვერ ნახავთ ვერსად, თუ რაში არ შეიძლება დაიხარჯოს სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხები. 

დღევანდელი მდგომარეობით სარეზერვო ფონდების გამოყენება შესაძლებელია, როგორც საგანგებო მდგომარეობისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი სუბიექტური შეხედულებისამებრ. შესაბამისად, ის, რომ სააკაშვილი ფულს სხვადასხვა ღონისძიებებში ხარჯავდა, პირდაპირი კანონდარღვევა არ არის. 

თუმცა, მიმდინარე წელმა დაგვანახა, რომ ამ გზით სიარული არის აბსოლუტურად მიუღებელი, კერძოდ, მაშინ, როდესაც საჭირო გახდა სარეზერვო ფონდიდან თანხების მობილიზება, იქ საკმარისი ფული არ აღმოჩნდა, მხედველობაში მაქვს კახეთის სტიქია.

ამ პრობლემის გადაწყვეტა პირველ რიგში საკანონდმებლო დონეზე უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი საბიუჯეტო განხილვებისას ამაზეც იმსჯელებს. მაგრამ 2013 წლის ბიუჯეტში ციფრების ცვლილება საკმარისი არ იქნება, აუცილებელია საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლითაც განისაზღვრება არა მარტო ლიმიტები, არამედ ისიც, თუ რაში შეიძლება დაიხარჯოს სარეზერვო ფონდიდან ფული. 

ერთი რამ კი უპირობოა, რომ პრემიებისთვის და საახალწლო კონცერტებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხები, მისივე არსიდან გამომდინარე, არ უნდა გამოიყენებოდეს. მე, როგორც გადასახადის გადამხდელი, იმიტომ ვიხდი თანხას, რომ ეს ფული საგანგებო მდგომარეობისთვის დაიხარჯოს და არა ვიღაცის სიამოვნებისთვის", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას ლევან ალაფიშვილმა. 

აქვე ალაფიშვილი აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე საუბრობს და აღნიშნულ უწყებას ფონდების ხარჯვის ეფექტურობასთან დაკავშირებით აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"აუდიტის სამსახური აწარმოებს როგორც ფინანსურ, ასევე ეფექტიანობის აუდიტს. ფინანსური აუდიტი, ეს არის ე.წ. ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისობის აუდიტი არის, კანონთან შესაბამისობაში თანხების ხარჯვა, ეფექტიანობის აუდიტი კი არის სწორედ მიზნების და თანხის სწორად და ეფექტიანად ხარჯვის გაზომვა. კარგი იქნება, თუ ამ მანდატის ფარგლებში აუდიტის სამსახური დაინტერესდება, ჩაატარებს კვლევას და გაგვცემს პასუხს, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფული", - განაცხადა ალაფიშვილმა.

პიარზე დახარჯული მილიონები და მისი შედეგი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პიარზე, კონცერტებსა და სხვადასხვა კლიპებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა, თუმცა პიარის სპეციალისტების თქმით, ამას ქვეყნის იმიჯზე რეალური გავლენა არ მოუხდენია. 

საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ პრეზიდენტის ფონდიდან დახარჯული ფულის შედეგი მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღო და ქვეყნის იმიჯზე რეალური გავლენა არ მოუხდენია. 

საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ პრეზიდენტის ფონდიდან დახარჯული ფულის შედეგი მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღო და ქვეყნისთვის კონკრეტული შედეგი არ მოუტანია. 

მისი თქმით, "სარეზერვო ფონდები ჩვენი ჯიბიდან ივსება. შესაბამისად, ჩვენს ინტერესშია ქვეყნის იმიჯის სტაბილურობის მიღწევა და არა ხელისუფლების იმიჯის. ამ თანხების ხარჯვით ხელისუფლებისთვის მისაღები შედეგები მიღწეული იქნა, მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის მისაღებ შედეგებს კი მაინცდამაინც ვერ მივაღწიეთ". 

"თითოეული ღონისძიება, რაც ე.წ. პიარაქციებში შედიოდა, ცალკე და ინდივიდუალურად შესაფასებელია. მაგრამ კრებითში რომ შეფასდეს, აქ იყო რამდენიმე მიმართულებით აქცენტი გაკეთებული. ერთი ეს იყო გარკვეულ პირებთან მიმართებაში ჩატარებული აქციები, კონცერტები; მეორე იყო საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ჩატარებული აქციები, რომლის მიზანი იყო საქართველო დაენახათ წარმატებულ ქვეყნად. ასევე იყო ადგილობრივ დონეზე გატარებული ღონისძიებები. 

ის შედეგები, რომელიც ამ პიარკამპანიებს ჰქონდათ გათვლილი, მეტ-ნაკლებად მიღწეული აღმოჩნდა, რადგან შემდგომ ეს ღონისძიებები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნა, იგივე საერთაშორისო საზოგადოებაშიც გარკვეული დადებითი შედეგი მოიტანა.

თუმცა არსებობს ნებისმიერი პროცესის ორმაგი ტიპის შედეგი - ერთი თავისთავად პროცესის შედეგი და მეორე - საზოგადოებრივი მხარდაჭერით რას ვიღებთ. რეგიონებში გატარებული აქციები და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება არ ნიშნავს იმას, რომ რამე შედეგი მივიღეთ. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგი და ამ პიარ-აქციისგან მიღებული შედეგი", - განუცხადა "მთელ კვირას" არჩილ გამზარდიამ. 

მისივე თქმით, პატარა ქვეყნის ლიდერებს საზღვარგარეთ ბევრად უფრო კარგი სახელი აქვთ, ვიდრე ქვეყნის შიგნით. მაგალითად, შევარდნაძეს 2000 წლამდე მსოფლიოში სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით მისი რეიტინგი ძალიან დაბალი იყო. 

წინა ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად მიმდინარეობდა მუშაობა, რომ მათ საერთაშორისო მხარდაჭერა მოეპოვებინათ. "ნაცმოძრაობას" ეს მხარდაჭერა აქვს, რადგან მათ საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ამაზე მეტყველებს ის საინფორმაციო კამპანია, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში და რომელიმე ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრს არ ემთხვევა.

მაგრამ ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამაში ძალიან დიდი ფული აქვს დახარჯული. დღეს კი შედეგად მივიღეთ ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა ჰქონდა არა ქვეყანას, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას", - ამბობს გამზარდია. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პიარაქციებზე დახარჯული მილიონობით ლარის შედეგებზე საუბარი უჭირს მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს. მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ეს იყო დაფარული ხარჯები, არ ტარდებოდა ტენდერები და შედეგის შეფასებაც ძალიან ძნელი იქნება ჩვენთვის.

"შესაბამისად, ამ საკითხებზე ნებისმიერი შეფასება იქნება სუბიექტური, ემოციური და არა რაციონალური. ვიცით, თუ რა თანხები იყო გამოყოფილი, მაგრამ კონკრეტულად რა შესრულდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. იმისათვის, რომ რაღაც გაზომო, უნდა იცოდე პირველადი მიზნები, სხვაგვარად შეფასებებს ვერ გააკეთებ.

ჩვეულებრივ, დასავლეთში მიღებულია ასეთი ტიპის შესყიდვების აბსოლუტურად ღია და გამჭირვალე პროცედურები, რომლის ერთ-ერთ ფორმასაც წარმოადგენს ტენდერი. ტენდერის პირობებში კი ჩადებულია როგორც მიზანი და ამოცანები, ასევე ისიც, თუ როგორ უნდა შეფასდეს ესა თუ ის პროექტი. ეს გაუმჭირვალობა, არამიზნობრივი სახსრების გამოყოფა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დიდი ალბათობით მიზანი მიღწეული ვერ იქნებოდა.

ყველა ნაბიჯს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ თითოეულ თეთრს უნდა მოჰყვეს ხილული, ხელშესახები შედეგი. ამ შემთხვევაში, ასეთ შედეგს ვერ ვხედავ. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. მაგალითად, გაურკვეველია, რა იყო კიკაბიძის უცხოური ვოიაჟის მიზანი, რა მივიღეთ იმ კონცერტებით, რომელიც მან ჩაატარა. ეს არის ჩვენი ფული და უნდა ვიცოდეთ, ბიუჯეტში შეტანილი ფულით დაფინანსებული პროექტით რა შედეგი მივიღეთ", - განაცხადა გალუმაშვილმა.

იმისათვის, რომ ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვები აღარ გაჩნდეს, გალუმაშვილი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, ბიუჯეტის კოდექსში სარეზერვო ფონდების ხარჯვის ზუსტი ფორმულირება მოახდინოს. 

ახალმა ხელისუფლებამ ძალიან ზუსტი ფორმულირებები უნდა მისცეს ასეთ სარეზერვო ფონდებს. აუცილებელია, რომ ხარჯვის საკითხი პროცედურულად ძალიან ზუსტად უნდა იყოს გაწერილი. ამით ასეთ არამიზნობრივ ხარჯებს თავიდან ავიცილებთ. აუცილებელია, რომ პროცესი იყოს გამჭირვალე და გაზომვის ინსტრუმენტები ჩაიდოს ტენდერებში. იქ სადაც შედეგი არ იზომება, ხელი არ უნდა მოკიდოს სახელმწიფომ, რადგან ეს არის ჩვენი, ხალხის ფული, ამიტომ თუ ჩვენს ფულს ხარჯავს, მისი გამჭირვალობა უნდა უზრუნველყო", - დასძინა გალუმაშვილმა.

ელზა წიკლაური 
გაზეთი ”რეზონანსი”

წყარო/Source:www.ambebi.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017