პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:07
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IPN.GE პატრიარქმა ახალგაზრდებს მოუწოდა, იმეგობრონ არა ტელევიზიასა და ინტერნეტთან, არამედ წიგნთან
02-12-2012  

თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, ქართველი ხალხიც დაეცემა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა .
უწმინდესმა ახალგაზრდებს მოუწოდა, იმეგობრონ არა რადიოსთან, ტელევიზიასა და ინტერნეტთან, არამედ წიგნთან. დღევანდელ ქადაგებაში პატრიარქმა მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მონასტრები უძველესი დროიდან იმით გამოირჩეოდა, რომ სულიერი მოღვაწეობის გარდა მონასტრებში დიდი სამეცნიერო საქმეები კეთდებოდა. 
"ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში, სატრაპეზოში მოხატული იყვნენ ანტიკური ფილოსოფოსები. ეს მიანიშნებს იმაზე, რამდენად დიდი იყო პატივისცემა მათი შრომებისადმი. დღეს ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. მთელს მსოფლიოში ადამიანები უფრო გამიწიერდნენ, მატერიალურნი გახდნენ და დღეს თუ ახალგაზრდას ჰკითხავ, მას ან სულ არ უნდა სწავლა, ან მიდის საფინანსო-ეკონომიკურ სასწავლებლებში, საიდანაც მატერიალური შემოსავალი ექნება. ცოტაა, როდესაც ხალხი ისტორიით, ლიტერატურით, მათემატიკით, ფიზიკით თუ ქიმიით ინტერესდება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში – ქართველი ხალხიც დაეცემა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მეცნიერება არის დიდი ძალა, რომელსაც მუდმივად ეყრდნობოდა ქართველი ერი და ქართული ეკლესია. უწმინდესმა მაგალითებად დაასახელა ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე, რომლებიც გამუდმებით მუშაობდნენ და რომლებსაც დიდი ნაშრომები აქვთ შექმნილი.
"რომ არ ყოფილიყო ასეთი დიდი შრომები, რა იქნებოდა საქართველო?! ჩვენს წინაპრებზე არავითარი ცოდნა არ გვექნებოდა. ჩვენ ძალიან მძიმე გზა გამოვიარეთ. ეკლესია მუდმივად იდევნებოდა და აღარ ჰქონდა ძალა ემუშავა სამეცნიერო შრომებზე, ამიტომ ეკლესიის საქმეს ჩვენი დიდი მეცნიერები აკეთებდნენ", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მეცნიერებს და ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ზუსტ მეცნიერებებს აირჩევენ. უწმინდესმა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროფესორებისგან მუდმივად ესმოდა წიგნის მნიშვნელობის შესახებ. 
"ერთი პროფესორი მეუბნებოდა – სემინარია და აკადემია არაფერს მოგცემთ, თუ თქვენ თავად არ იმუშავეთ წიგნებთან. თქვენი მუდმივი მეგობარი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი, არამედ წიგნი. მუდმივად უნდა ვკითხულობდეთ წიგნს და ის ჩვენ საწოლთან უნდა გვედოს. დიდმა მეცნიერმა კლიმენტი ალექსანდრიელმა დიდი შრომა დაწერა, სადაც წერს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა დალოცა ქართველი მეცნიერები და ისურვა, რომ მათ თავიანთი ცოდნა ახალგაზრდობას გაუზიარონ. 
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დეკანოზი ზინობ ჟვანია მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ხოლო იღუმენი დემეტრე თეთრუაშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და მას მიტრა უსახსოვრა. პატრიარქმა დღესვე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე მელქისედეკი და მისი ეპარქია დალოცა.

www.ipn.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017