პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

09:26:58
24 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
TSPRESS.GE: კახა კუკავა - თვითმმართველობის კოდექსის პროექტი რეგიონებად დაშლის საფრთხეს შეიცავს
10-11-2013  

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი საქართველოს რეგიონებად დაშლის საფრთხეს შეიცავს.

„კოდექსის პროექტის მე-7 თავის თანახმად, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონული საბჭოები, ისევე, როგორც დღეს აქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმაღლესი საბჭო,“- განაცხადა კუკავამ „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“.

 

მისივე თქმით, პროექტის თანახმად, რეგიონის საბჭოებს ეყოლება თავმჯდომარე, მოადგილე, აპარატი და ექნება ეკონომიკური ფუნქციები. „რაც შეეხება ტერმინებს, რომ, თურმე, იქ სამცხე-ჯავახეთის საბჭო მხოლოდ საირიგაციო სისტემებზე იმუშავებს, საირიგაციო სისტემებზე სამუშაოდ შეიქმნა თავის დროზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიები,“- განმარტა კუკავამ.

 

„თავისუფალი საქართველოს ლიდერის განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსის პროექტის საფრთხეებს ხედავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, 10 ოპოზიციური პარტია და ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

„ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი და ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა ტერიტორიული მოწყობა, შედგეს ფართო დისკუსია,“- აცხადებს კუკავა. მისივე თქმით, საქართველოს ავტონომიების შექმნის ცუდი გამოცდილება აქვს. ქვეყანაში შექმნილი სამი ავტონომიური ერთეულიდან ( აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, აჭარა) ორმა დამოუკიდებლობა, ერთმა კი დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

 

შეგახსენებთ: თვითმმართველობის კოდექსის პროექტს დღეს საქართველოს პატრიარქიც გამოეხმაურა.

 

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი,“- აღნიშნა ილია მეორემ.

 

www.tspress.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017